ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში 222 მძევლის ყოფნა დადასტურდა
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ღაზაში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 222 ადამიანი იმყოფება.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ასევე განმარტა, თუ რატომ იზრდებოდა მძევლების დადასტურებული რაოდენობა და აღნიშნა, რომ მძევლებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ იდენტიფიცირებას, ოჯახებთან დაკავშირებას დრო სჭირდება.
კითხვაზე, ჭიანურდება თუ არა სახმელეთო ოპერაცია იმის გამო, რომ მეტ დროს უთმობენ მძევლების გათავისუფლების მცდელობებს, ჰაგარმა უპასუხა: „ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ მძევლების გასათავისუფლებლად და სახლში დასაბრუნებლად“.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.