უყოყმანოდ დავარტყამთ ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფას, საჭიროების შემთხვევაში - ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“
ირანი უყოყმანოდ დაარტყამს ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფას, საჭიროების და ბრძანების გაცემის შემთხვევაში, - ამის შესახებ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილემ ალი ფადავიმ თეირანელ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი არასწორ მონაცემებს ავრცელებს თავდაცვითი სისტემა „რკინის გუმბათის“ მიერ განეიტრალებული რაკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით.
ფადავი მტკიცებულების გარეშე აცხადებს, რომ ჩამოგდებული რაკეტების წილი მხოლოდ 30%-ს შეადგენს.
„ამერიკამ ისრაელი თავისი უსაფრთხოებისთვის შექმნა და თუ ის საფრთხეს იგრძნობს, მარტივად გაწირავს მას“, - აღნიშნა ფადავიმ.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.