ღამით ისრაელის დარტყმების შედეგად ღაზაში 436 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა რიცხვი 5 000-ს აჭარბებს - პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო
დაახლოებით 436 ადამიანი, მათ შორის 182 ბავშვი, დაიღუპა ღამით ისრაელის დარტყმების შედეგად ღაზაზე, - ნათქვამია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრომ დასძინა, რომ დაღუპულთა უმრავლესობა ღაზას სამხრეთ ნაწილიდან იყო.
ამავე ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 087-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 055 ბავშვი და 1 119 ქალია.
სამინისტროს ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავებულია 1 5273-ზე მეტი ადამიანი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.