მეგობარი კაცი საწოლში მოკლა და მტკვარში გადააგდო... - სისხლიანი დანაშაულის ახალი დეტალები
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ორმაგი მკვლელობა
ერთ-ერთი ბანკის საინკასაციო მანქანასთან კავშირი აეროპორტის გზატკეცილზე გაწყდა. სპეციალური ჯგუფი 15 წუთში მივიდა ადგილზე, მაგრამ საინკასაციო მანქანა იქ არ დახვდათ. დაიწყეს ძებნა და ბანკის მანქანა კავშირის გაწყვეტის ადგილიდან 500 მეტრში, ერთ-ერთ მიტოვებულ, ავტოპროფილაქტიკის შენობაში აღმოაჩინეს. მანქანიდან 800 000 ამერიკული დოლარი იყო გამქრალი, რომელიც ერთ-ერთი ოფისიდან ბანკში მიჰქონდათ. 39 წლის მძღოლი ვახტანგ რუსია და 42 წლის ინკასატორი რობერტ შამანაძე მოკლულები იყვნენ. ხოლო 31 წლის ინკასატორი ჯემალ ხუნდაძე კი – გაუჩინარებული. გამოძიებას პროკურატურის საგანგებო ჯგუფი ახორციელებდა. ერთადერთი სამუშაო ვერსია იყო, რომ ფული ჯემალ ხუნდაძემ გაიტაცა, კოლეგები კი დახოცა. ხუნდაძეზე ძებნა გამოცხადდა. ოპერატიულმა ჯგუფებმა რამდენიმე ადგილზე ჩასაფრება მოაწყვეს, მაგრამ ძებნილის კვალი არსად ჩანდა.
მესამე გვამი
ხუნდაძეზე ძებნის გამოცხადებიდან 3 კვირის შემდეგ, მისი ცხედარი მეთევზეებმა ორთაჭალჰესთან აღმოაჩინეს. მას ორი ტყვია ჰქონდა მორტყმული თავში. საინტერესო და საგულისხმო კი ის იყო, რომ მოკლული ხუნდაძე ტრუსისამარა იყო. ექსპერტის დასკვნით, ხუნდაძე სულ რაღაც 3 დღის წინ იყო მოკლული და წყალში ჩაგდებული. ძველ ვერსიას დაემატა ის, რომ დანაშაულში მეორე უცნობი პირი ფიგურირებდა, რომელმაც ხუნდაძე მოკლა და სავარაუდოდ, 800 000 დოლარი მიითვისა. ხოლო ის, რომ კოლეგები თავად ხუნდაძემ დახოცა და მანქანიდან ფული გაიტაცა, ძიებით უკვე დამტკიცებული იყო. საქმე, ფაქტობრივად, ჩიხში იყო შესული და ხელჩასაჭიდი თითქმის არ ჩანდა. მაგრამ ახალგაზრდა ოპერმუშაკმა, კივი კახიძემ კოლეგებს უთხრა: გამორიცხული არაა, რომ ამ საქმეში ქალის ხელი ურევია. კახიძის ვერსიით, მოკლული ხუნდაძე იმიტომ იმყოფებოდა ტრუსის ამარა, რომ ის სახლში, სავარაუდოდ, ლოგინში მოკლეს და თითქმის შიშველი გადააგდეს მტკვარში. აქედან გამომდინარე კი, იმის დიდი ალბათობა იყო, რომ ხუნდაძე საყვარელთან იმყოფებოდა და ეს დანაშაული სწორედ საყვარელმა, ანუ ქალმა, ჩაიდინა.
ეძიეთ ქალი
გივი კახიძის ვერსია საკმაოდ მახვილგონივრული ჩანდა. აქედან გამომდინარე, ოპერატიულმა თანამშრომლებმა საორიენტაციო დავალება მიიღეს – უნდა მოეძებნათ მოკლულ ხუნდაძესთან კავშირში მყოფი ქალი. ოპერატიულმა თანამშრომლებმა დაიწყეს ხუნდაძის კავშირების შესწავლა, თანაც, მტკვრის პირას განლაგებული სახლებისა თუ სხვა შენობების მცხოვრებთა და მფლობელთა დადგენა. ძებნის პროცესში ბევრი ძალოვანი იყო ჩართული, რადგან ბანკის ხელმძღვანელობა მათ პრემიებს შეჰპირდა და ისინი კეთილსინდისიერად შეუდგნენ მუშაობას. ორკვირიანი ინტენსიური ძიების შედეგად იმავე გივი კახიძემ დაადგინა, რომ მტკვარზე არსებულ რესტორან-ტივზე მზარეულად მუშაობდა მოკლული ინკასატორის, რობერტ შამანაძის ცოლისდა, ალისა კუპატაძე. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვი, რომ ამ საშინელ დანაშაულში რობერტ შამანაძის ცოლი, მაგდალინა კუპატაძეც ფიგურირებდა.
ცოლისდის ჩვენება
ძალოვნებმა მხოლოდ 32 წლის ალისა კუპატაძის დაკავება მოახერხეს, მაგდალინამ კი მიმალვა მოასწრო. ალისამ თავის ჩვენებაში აღიარა, რომ ამ დანაშაულს სულისჩამდგმელი მისი 34 წლის და მაგდალინა იყო. მაგდალინა ხუნდაძის საყვარელი იყო და სწორედ მან ჩაადენინა ეს საშინელი დანაშაული. ის სულ ეჩიჩინებოდა ხუნდაძეს, ერთი დარტყმით ორ საქმეს გავაკეთებთ – ჩემს ქმარსაც მოვიშორებთ, ფულსაც ვიშოვით და ერთად გავიქცევით უცხოეთშიო. ალისას აღიარებით, დები ხუნდაძეს ტივზე მალავდნენ. ერთ ღამეს კი, როდესაც საყვარლები ლოგინში იწვნენ, მაგდალინა წამომდგარა, ხუნდაძე მისივე პისტოლეტით მოუკლავს და წყალში გადაუგდია. ალისა კუპატაძე დანაშაულის ხელშეწყობისა და განუცხადებლობისთვის ციხეში ჩასვეს, მაგდალინაზე კი ძებნა გამოაცხადეს.
მაგდალინა კუპატაძე 2 თვის შემდეგ სარფში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ყალბი პასპორტითა და 800 000 ამერიკული დოლარით თურქეთში გადასვლას აპირებდა. ქალი ციხეში ჩასვეს და გამოძიებამ მას რამდენიმე მძიმე დანაშაულში დასდო ბრალი. თუმცა, ქალმა სასამართლომდე ვერ მიაღწია და ის საკანში მკვდარი იპოვეს.