თეგებით ძიება

„ჯოჯოხეთი გავიარე“ - რას ყვება „ჰამასის“ მძევლობიდან გათავისუფლებული 85 წლის ქალი?

"ჰამასის" 17-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის ისრაელის მოქალაქე იოჩევედ ლიფშიცი ღაზას სექტორში გატარებული დღეების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ 7 ოქტომბერს, მძევლად აყვანის შემდეგ "ჯოჯოხეთი გაიარა".

ებრაულად მოსაუბრე ლიფშიცმა, რომლის საუბარსაც მისივე ქალიშვილი თარგმნიდა, თელ-ავივში მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ისლამისტური დაჯგუფების წევრებმა ის კიბუც ნირ-ოზიდან მოტოციკლეტით გაიტაცეს და ღაზაში, მიწისქვეშა გვირაბში ჩაიყვანეს. 

85 წლის ქალი იხსენებს, რომ გვირაბში, რამდენიმე კილომეტრი "სველ მიწაზე" იარეს, რა დროსაც მას გამტაცებლები ჯოხს ურტყამდნენ.

"ქვემოთ არის გვირაბების უზარმაზარი, უზარმაზარი ქსელი. ობობის ქსელს ჰგავს",- ამბობს ტყვეობიდან გათავისუფლებული ქალი.

როგორც ლიფშიცმა ჟურნალისტებს უამბო, თავდაპირველად 25 სხვა ადამიანთან ერთად იყო ჯგუფში, შემდეგ ის მოათავსეს უფრო მცირე ჯგუფში 5 სხვა ადამიანთან ერთად, რომლებიც იგივე კუბიციდან გაიტაცეს, საიდანაც ის. 

ქალი ჰყვება, რომ მიწისქვეშა გვირაბში მათ მედპერსონალი ელოდა. 

"როდესაც იქ მივედით, ხალხმა გვითხრა, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ყურანის და ზიანს არ მოგაყენებენ. იყვნენ მცველები, პარამედიკოსი და ექიმი, რომლებიც ზრუნავდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვექნებოდა წამლები, რაც ჩვენ გვჭირდება",- თქვა ქალმა.

ლიფშიცი აცხადებს, რომ მიწისქვეშა გვირაბებში მძევლებს იატაკზე დადებულ ლეიბებზე ეძინათ და აღნიშნულ გვირაბებს "ყველაზე მეტად სველ, ნესტიან" ადგილს უწოდებს.

ცნობისთვის, 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი 79 წლის ნურით კუპერთან ერთად "ჰამასმა" გუშინ, 23 ოქტომბერს გაათავისუფლა. მანამდე, 20 ოქტომბერს, "ჰამასმა" ასევე გაათავისუფლა 2 ტყვე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დედა-შვილი - ჯუდით რაანანი და მისი 18 წლის გოგო ნატალი.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ბოლო ინფორმაციით, ღაზას სექტორში "ჰამასის" მიერ დატყვევებული, დაახლოებით, 220 ადამიანი იმყოფება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა