თეგებით ძიება

„დიდ პატივს ვცემ, როგორც უდიდეს მსახიობს, მაგრამ როგორც პიროვნებას, არა!" - რას ამბობდა რამაზ ჩხიკვაძის შვილი მამაზე?

მსახიობ, რამაზ ჩხიკვაძეს და კონსტანტინე გამსახურდიას დის შვილს, თათია ხაინდრავას საერთო ქალიშვილი - მირანდა ჰყავდათ. თუმცა, სამწუხაროდ თათიას და რამაზის ოჯახური თანაცხოვრება არ შედგა. მირანდასაც მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია. გოგონას რამაზის მშობლები ზრდიდნენ. 

„გარდაცვალებამდე ერთად ვცხოვრობდით, მათ გამზარდეს, ძალიან მიყვარდა ორივე. დედაჩემი, მსახიობი თათია ხაინდრავა (კონსტანტინე გამსახურდიას დისშვილი), ხშირად დადიოდა ჩვენთან სახლში, მაგრამ ძირითადად, ბებია-ბაბუა მზრდიდნენ. არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო რამაზი, არ მინდა, მამა ვუწოდო, რადგან ძალიან გულნატკენი ვარ.“ მამა-შვილი ერთმანეთს პირისპირ არასდროს შეხვედრია. მირანდას არც ის გაუგია, რომ მამას მისი ნახვის სურვილი გასჩენოდა. 

”საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პირისპირ არასდროს შევხვედრივარ. როცა ბებია-ბაბუასთან მოდიოდა, ვერასდროს ვხვდებოდი, როცა სახლში ვიყავი, ერთხელ არ მოსულა.

ვფიქრობ, რომ ბებიაჩემის და ბაბუაჩემის მოწყობილი იყო ეს ამბავი. ალბათ, გული რომ არ მტკენოდა. ვფიქრობ, რომ ნერვიულობდნენ, ცუდად არ მომქცეოდა. არადა, რა ვიცი, შეიძლება, სულაც არ შემხვედროდა ცუდად! ხშირად არ დადიოდა მის მშობლებთან და ალბათ, ეს არის მთავარი მიზეზი.

არ ვიცი თვითონ რას ფიქრობდა, მაგრამ არც გამიგია, რომ ჩემი ნახვის სურვილი ჰქონოდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სადმე ერთად მოვხვედრილიყავით, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ როდესმე, ან კარგად შემხვდა, ან ცუდად. ვიცი, რომ ჩემ გამო, ძალიან დიდი უსიამოვნებები ჰქონდა ოჯახში. მისი მეუღლე ნატაშა ჩხიკვაძე, ძალიან ცუდ როლს თამაშობდა, ჩვენ ურთიერთობაში:

წარმატებით დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი. საკმაოდ წარმატებული ბავშვი ვიყავი, საქალაქო კონკურსებზეც ვიღებდი მონაწილეობას. ერთ-ერთი ასეთი კონცერტის შემდეგ, სასწავლებელში მივარდნილა და უკითხავს, ეს ბავშვი, რა გვარით ცხადდებაო. ერთი ამბავი ატყდა, სკოლის დირექტორს უთქვამს, რას კადრულობთ ქალბატონო, როგორ გეკადრებათ ასეთი საქციელიო.

დიდი დებოში მოუწყვია, ეს ქალბატონი რომ დიდი „სკანდალისტი“ იყო, ყველამ კარგად იცოდა. ნატაშა, ძალიან დიდი როლს თამაშობდა ჩემ და რამაზს შორის, დიდი ზეწოლა იყო“ - იხსენებდა მირანდა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მამა-შვილს შორის ურთიერთობა მაშინ დამთავრდა, როცა მირანდა სულ რაღაც ორი წლის იყო:

„პატარა რომ ვიყავი, რამაზი ყველგან დამატარებდა და ზრუნავდა ჩემზე. როგორც კი, ის ქალი (ნატაშა) გამოჩნდა, ყველაფერი დამთავრდა. რა თქმა უნდა, ეს მე არ მახსოვს, მაგრამ დედასგან გადმოცემით ვიცი, რომ ჩემთან კარგი ურთიერთობა, ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა, მამობას მიწევდა.

ნატაშას მერე დამთავრდა ყველაფერი. როგორც ვიცი, წინააღმდეგი იყო, ბებია-ბაბუასთან რომ ვცხოვრობდი. ასე ძალიან, რამ შეაყვარათ ეს ბავშვი, ვერ გავიგეო, ამბობდა. რატომ ვერ გაიგო, ვერ ვხვდები! რატომ ვერ შეაყვარა რამაზმა თავის გერი მის მშობლებს?

შემიყვარა ამ ხალხმა და რა იყო ამაში გასაკვირი! რამაზზე ბევრი გაუაზრებელი და უაზრო გამონათქვამები გამიგია. უაღრესად დიდი პატივს ვცემ, როგორც უდიდეს მსახიობს. მართლა ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ როგორც პიროვნებას - არა“, - ამბობდა მირანდა ხაინდრავა.

წყარო: marao.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა