დააკავეს კაცი, რომელიც ტერაქტს გეგმავდა
გერმანიის ქალაქ დუისბურგში დააკავეს კაცი, რომელიც ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გერმანული მედიის ცნობით, დაკავებული 29 წლის კაცია სახელად ტარიკი. ის ისრაელის მხარდამჭერ აქციაში სატვირთო ავტომობილით შევარდნას გეგმავდა.
პოლიციის მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ სამართალდამცველებმა კაცის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს და ის დააკავეს. გერმანიის პოლიციამ ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია უცხოური სპეცსამსახურებისგან მიიღო. მათ ინტერნეტში ამ პირის მიმოწერაზე გაამახვილეს ყურადღება, სადაც ის წერდა, რომ წამებულად ქცევას გეგმავდა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტარიკ ა. ერთხელ უკვე იყო დაკავებული და მას 2017 წელს „ისლამურ სახელმწიფოში“ წევრობისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დუისბურგის პოლიცია ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.