"თავიდან ემოციებისგან შოკში ჩავვარდი, გავშრი, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთად ვართ" - ხელის თხოვნის შემდეგ, თათა გიორგობიანი პირადზე საუბრობს
ხელის თხოვნის შემდეგ „ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი თათა გიორგობიანი საკუთარ ემოციებს გვიზიარებს. აქვე განმარტავს, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარს ერიდება და სურს, რომ საჯაროობისგან დაცული იყოს.
თათა გიორგობიანი: ზოგადად, პირად ცხოვრებაზე საუბარი ძალიან არ მიყვარს. ხელის თხოვნა მოულოდნელი იყო, ნამდვილად. ასე გასაჯაროება არ გვინდოდა, ძალიან არ გვიყვარს, როცა პირად ცხოვრებაზე სახალხოდ საუბრობენ და აპელირებენ, ამიტომ ძალიან გამიკვირდა და ასეთ რამეს ჩემი შეყვარებულისგან არ ველოდი. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო სიურპრიზი იყო.
- თათა, რა იგრძენი იმ დროს, როცა რჩეულმა დაგიჩოქა?
- თავიდან ემოციებისგან შოკში ჩავვარდი, გავშრი, მგონი, ცოტა არაადეკვატური რეაქცია მქონდა. ვერ მივხვდი... სულ მიკვირდა, ამ გოგოებს რა უკვირთ, ხომ იციან, რომ უყვართ თავიანთი შეყვარებული და პირიქით, ამაში გასაოცარი რა არის-თქო, მაგრამ ეს სიურპრიზის მომენტი თავისას აკეთებს... იმ მომენტში და იმ წამს, მაინც განსაკუთრებული შეგრძნებები ეუფლება ადამიანს. ჩემს თავზე რომ გამოვცადე, მივხვდი, რა რეაქციაც ყოფილა.
- რამდენ ხანს იყავით შეყვარებულები,როგორ მოახერხეთ ამის ასე კარგად დამალვა?
- საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთად ვართ... არ დავაკონკრეტებ. დამალვა კარგად მოვახერხეთ, ამაზე საუბარი არ მინდოდა. ამ ურთიერთობას ძალიან ვუფრთხილდებოდი და კიდევაც გავუფრთხილდები.
მე ასე მიმაჩნია, რომ რაც უფრო დაცულია ადამიანი გარე ჭორებისა და ინტრიგებისგან, ურთიერთობა მით უფრო მშვიდია. რაღაც ასე მერჩია, რომ პირადი დარჩენილიყო პირადად და ასეც იქნება...
წყარო - "პრაიმ ტაიმი"