მეცნიერებმა 500 წლის წინ, ანდებში მსხვერპლად შეწირული გოგოს სახე აღადგინეს
მეცნიერებმა 500 წლის წინ, ანდებში მსხვერპლად შეწირული გოგოს სახის რეკონსტრუქცია წარადგინეს. ამის შესახებ National Geographic-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 14 წლის გოგოს მუმია ანდებში 1995 წელს, მთა ამპატოზე აღმოაჩინეს. მას ხუანიტა დაარქვეს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ის თავში ძლიერი დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც ბავშვის ცხედარი მთებში დატოვეს, სადაც მისი ცხედრის ბუნებრივი მუმიფიკაცია მოხდა.
მეცნიერების ვარაუდით, ის რიტუალ „კაპაჩოკას“ მსხვერპლი იყო. ამ რიტუალის ფარგლებში ინკები ღმერთებს მსხვერპლად ბავშვებსა და ცხოველებს სწირავდნენ. რიტუალი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ინკების იმპერიის გაერთიანებასა და მდგრადობაში. მის ფარგლებში ტარდებოდა ნადიმები, ბავშვებს კი სიკვდილის ადგილისკენ საზეიმო პროცესიებით აცილებდნენ. შესაწირად ბავშვებს მათი სილამაზისა და ფიზიკური სრულყოფილების გამო ირჩევდნენ. ოჯახები კი ამას დიდ პატივად აღიქვამდნენ.
ამასთან აღსანიშნავია, რომ „კაპაჩოკა“ არცერთ ევროპელ კოლონისტს არ უნახავს, მასზე ყველანაირი ინფორმაცია კი გადმოცემით არის ცნობილი.
ხუანიტას სახე შვედმა არქეოლოგმა და მოქანდაკემ ოსკარ ნილსონმა აღადინა. ამისთვის მან ტომოგრაფიული სურათები, დე ენ ემის ანალიზი და ხუანიტას თავისქალის 3-D ასლი გამოიყენა. ამისთვის მას 10 კვირა დასჭირდა. ხუანიტას ქანდაკება პერუში, ქალაქ არეკიპას მუზეუმშია გამოფენილი.