თეგებით ძიება

შოტლანდიის მუზეუმმა როდენის 3,5 მილიონ ევროდ შეფასებული ნამუშევარი ნაგვის ურნაში გადააგდო?

ბრიტანეთის მუზეუმიდან ხელოვნების ნიმუშების მოპარვის შემდეგ, ახლა უკვე გლაზგოს მუზეუმის ჯერია, აღიაროს ოგიუსტ როდენის მიერ თაბაშირში შესრულებული ნამუშევრის დაკარგვა, რომელიც 3,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ორმეტრიანი თაბაშირის ქანდაკება მუზეუმს 1902 წელს თავად როდენმა მიჰყიდა. ის გამოსახავს პერსონას, სახელად ჟან დ'აირს და ექვსი ქანდაკებისგან შემდგარ იმ ჯგუფში შედის, რომელიც „კალეს მოქალაქეების“ („Les Bourgeois de Calais“) სახელით არის ცნობილი.

ეს ნამუშევარი, რომელიც კალეში 1895 წელს გამოიფინა, მოქანდაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქმნილებაა. ქანდაკებები, რომლებიც შუასაუკუნეების დროის ქალაქის ცხოვრებას მოგვაგონებს, როდენმა დიდი რაოდენობით დაამზადა. მათ შორის - თორმეტი ბრინჯაოსგან და ამდენივე ტერაკოტასა და თაბაშირისგან. გლაზგოს მუზეუმიდან დაკარგული ეგზემპლარი, როგორც ჩანს, მხატვრის ცნობილი ქმნილების, „მოაზროვნის“ მოსამზადებელ ნამუშევარს წარმოადგენდა, რაც მას კიდევ უფრო ღირებულს ხდის.

გაუჩინარება, რომელიც კითხვებს აჩენს

გლაზგოს მუზეუმმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ ნამუშევარი საცავიდან გაქრა. თუმცა, როგორც ჩანს, მისი გაუჩინარება ბოლო პერიოდში არ მომხდარა: სკულპტურა, სულ ბოლოს, 1949 წელს, გლაზგოს ცენტრში არსებულ სამხატვრო გალერეაში მოწყობილ გამოფენაზე ნახეს. მაინც რა ბედი ეწია როდენის ქმნილებას? გარკვევით არაფრის თქმა არ შეიძლება. ყველაზე სარწმუნო ვერსია, როგორც ჩანს, ის არის, რომ ჟან დ'აირის ასლი, უბრალოდ... გადააგდეს. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, 3,5 მილიონი დოლარად შეფასებული ნამუშევარი, დიდი ალბათობით, ინტერესის ნაკლებობის გამო, ნაგვის ურნაში გადააგდეს. ცნობილია ისიც, რომ 1949 წელს, გამოფენის დროს, მან დაზიანება მიიღო. იმ წლებში, თაბაშირის ქანდაკებებს დიდ პატივს არ სცემდნენ, რადგან მიიჩნეოდა, რომ მათ მიმართ ნაკლები ინტერესი არსებობდა და, შესაბამისად, ნაკლები ღირებულება ჰქონდათ. იმავე გამოფენის შემდეგ იგივე ბედი ეწია როდენის კიდევ ერთ ქმნილებას - წმინდა იოანე ნათლისმცემლის ქანდაკებას. ის რამდენიმე ნაწილად იყო გატეხილი და ვიდრე მრავალი წლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩენდნენ, გლაზგოს მუზეუმის რესურს-ცენტრში ინახებოდა. როდენის ნამუშევრების ექსპერტმა, ჟერომ ლე ბლეიმ სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ შეიძლება იგივე მოხდეს „კალეს მოქალაქეების“ შემთხვევაშიც და ის სადმე, მოულოდნელ ადგილას იპოვონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ლა-მანშის არხის იქით სამუზეუმო კოლექციებთან დამოკიდებულების მიმართ კრიტიკას ვერ შეარბილებს. ბრიტანეთის მუზეუმის საცავებიდან ათასობით არტეფაქტის მოპარვით გამოწვეული სკანდალის შემდეგ, სხვა მუზეუმებსაც მოუწიათ იმის აღიარება, რომ მათაც წარმოუდგენელი რაოდენობის ნივთები დაკარგეს. ქურდობა, დაკარგვა, ცუდი შენახვა, განადგურება - როგორც ჩანს, დიდი ბრიტანეთის მუზეუმების საცავების გაპარტახებას სტრუქტურული ხასიათი აქვს.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა