„ვცდებოდი, ბოდიშს ვიხდი“ - ვის მოუბოდიშა ნეთანიაჰუმ?
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს იხდის ადრე გაკეთებული განცხადებისთვის, რომელშიც ის, უშიშროების სამსახურებს ადანაშაულებდა, რომ ვერ აღკვეთეს „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმა 7 ოქტომბერს.
„ვცდებოდი. ის, რაც მე ვთქვი პრესკონფერენციის შემდეგ, არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი ამის გამო“, - წერს ისრაელის პრემიერი.
პრემიერი, ასევე, აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს.
„ძალას ვუსურვებ ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსს და თავდაცვის ძალების მეთაურებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე არიან და იბრძვიან ჩვენი სახლისთვის“, - დასძენს ისრაელის პრემიერი.
ცნობისთვის, ნეთანიაჰუ 7 ოქტომბრის წარუმატებლობაში უშიშროების ხელმძღვანელებს ადანაშაულებდა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო, რაზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო.ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
წყარო: newshub.ge