ვინ ემუქრებოდა 10 წლის მოსწავლეს - სკოლამ უფროსკლასელებს ერთი და იგივე ტექსტები დააწერინა (სკოლა)
პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ვინ გაუგზავნა მუქარის შემცველი წერილი 10 წლის გოგონას. შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ არის კამერები.
წერილი მეხუთეკლასელს საკლასო ოთახში, მერხზე დახვდა, მას ფულს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ.
თავდაპირველად ბავშვმა ამბავი დამალა, თუმცა მოგვიანებით მშობელს უთხრა. სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა. ჩვენი ინფორმაციით, არასრულწლოვანი უკვე გამოკითხეს.
სკოლამ ექსპერიმენტი ჩაატარა - უფროსკლასელებს დააწერინეს ერთი და იგივე ტექსტი, რათა ამოიცნონ კალიგრაფია. წერილი, რომელიც მეხუთეკლასელს მერხზე დახვდა ხელნაწერი იყო.
"ფაქტის აღმოჩენისთანავე მივმართეთ, რეაგირება გვქონდა შესაბამის უწყებასთან, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. ალბათ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ეხება არასრულწლოვნებს, დანარჩენ დეტალებზე, ინტერვიუს გაკეთების უფლებას ვერ მივცემ ჩემ თავს", - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.