"ჰამასის“ მიერ გატაცებული შანი ლუკის გარდაცვალება დედამ დაადასტურა
ჰამასის მიერ გატაცებული 22 წლის შანი ლუკის ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს. შანი ლუკი 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტული თავდასხმისას გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ჰამასმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ცოცხალი იყო და საავადმყოფოში მკურნალობდა.
ისრაელის სამაშველო ჯგუფმა ადამიანის თავის ქალის ნაწილი იპოვა, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ შანი ლუკის ეკუთვნოდა და მის გარეშე ადამიანი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შანი ლუკის გარდაცვალება დადასტურდა, მისი სხეული ჰამასს ოჯახისთვის არ დაუბრუნებია.
"სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ შევიტყვეთ, რომ ჩემი ქალიშვილი ცოცხალი აღარაა" - უთხრა შანი ლუკის დედამ გერმანულ გამოცემა RTL-ს.
რიკარდა ლუკმა თავისი ქალიშვილი ჰამასის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ტატუებით ამოიცნო. ნახევრად შიშველი შანი ლუკი უგონო მდგომარეობაში მანქანის საბარგულზე იწვა და მის სხეულზე ჰამასის რამდენიმე ტერორისტი იჯდა.