თეგებით ძიება

„ ჩამოიარეს ყველასთან. კითხულობდნენ, მუსლიმი იყო თუ ებრაელი“ - რას ყვება თელ-ავივი-მაჰაჩყალის რეისის მგზავრი

გუშინ მაჰაჩყალის აეროპორტთან ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ორგანიზებული ანტი-სემიტური აქცია გაიმართა - დემონსტრანტები თელ-ავივიდან ჩამოსულ თვითმფრინავს დახვდნენ და "ებრაელების გაყრას" მოითხოვდნენ. „ნეტგაზეთი“ თელ-ავივი-მაჰაჩყალას რეისის ერთ-ერთ მგზავრთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც იხსენებს, რა მოხდა აეროპორტში, რა გადაიტანეს მგზავრებმა და როგორ გავიდნენ სამშვიდობოს.

მისი თქმით, რუსეთში, კერძოდ კი დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში თავის საცოლესთან შესახვედრად ჩავიდა, ხოლო რეისზე მის გარდა ისრაელის 15 მოქალაქეც იყო, მათ შორის ბავშვები. უმრავლესობა მოსკოვში მიემგზავრებოდა, მაჰაჩყალაში კი გადაჯდომა უწევდა.

დაშვების შემდეგ, მგზავრები, როგორც წესია, საპასპორტო კონტროლის გასავლელად წავიდნენ, თუმცა მალევე დაინახეს ასობით ადამიანი. შემდეგ, პოლიციამ მათი ევაკუაცია დაიწყო – ავტობუსში.

„ვხედავდით, როგორ მორბოდა ხალხი ასაფრენი ბილიკისკენ და ავტობუსს ქვებს უშენდნენ. ბავშვები ყვიროდნენ, ერთი გოგონა დაშავდა შუშის ნამსხვრევით. არ ვიცი, აქაურია თუ ისრაელელი. დიდი არეულობა იყო, ძალიან საშიში იყო. ავტობუსი ცდილობდა, მოშორებოდა ბრბოს. პოლიციელები ცოტანი იყვნენ, არაფერი მოიმოქმედეს. რაღაც მომენტში ასობით ადამიანი მოვიდა და გააჩერა ავტობუსი. ამოვიდნენ, ჩამოიარეს ყველასთან. კითხულობდნენ, მუსლიმი იყო თუ ებრაელი. ვუპასუხე, მუსლიმი ვარ-მეთქი. მეშინოდა. საბედნიეროდ, დამიჯერეს და წავიდნენ“, – იხსენებს იგი.

საფრენ ბილიკზე მოძრაობის შემდეგ, ამბობს შმუელი, ავტობუსი პოლიციამ აეროპორტის VIP-კომპლექსისკენ გადაიყვანა, სადაც მგზავრებს დაცვაც ჰყავდათ. საბოლოო ჯამში კი, „საშინელი შიშის ოთხი საათის შემდეგ“, მგზავრები რუსული არმიის სამხედრო ვერტმფრენს გადაუყვანია სხვა ქალაქში.

„როცა ავტობუსში ვიყავით, მეშინოდა, ნამდვილად დავინახე სიკვდილი. უფრო დეტალურად რომ გამოვეკითხე, გაიგებდნენ, ისრაელელი რომ ვარ. რუსული არ ვიცი, მაგრამ, საბედნიეროდ გამოჩნდა რუსულად მოსაუბრე ისრაელელი, რომელიც დამეხმარა. საშიში და საშინელი იყო. თავს უძლურად ვგრძნობდი“, – აჯამებს იგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა