ბოლო 24 დღეში ისრაელიდან საქართველოში გაემგზავრა 15 000 ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე 1 500 პირია - ლაშა ჟვანია
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საელჩო ხვალიდან მოქალაქეების მიღების ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. როგორც ელჩმა "პალიტრანიუსთან" განაცხადა, საელჩო უბრუნდება რიტმს, ვიდრე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა.
"ხვალიდან, საქართველოს საელჩო მოქალაქეების მიღების ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. აქამდე, 3 კვირის მანძილზე შეწყვეტილი გვქონდა ყველა სხვა საკონსულო მომსახურების გაწევა ჩვენ ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.თუ ვინმეს უნდა პასპორტის ან პირადობის მიღება, ან მინდობილობის გაკეთება, ან მოქალაქეობის მიღების დახმარება და ა.შ. ხვალიდან საქართველოს საელჩოში ჩვეულებრივი რეჟიმი აღდგება. ეს იქნება მანამ, სანამ ისრაელის ცენტრულ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ნაწილის მიერ გამოცხადებული იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი.ზოგიერთ ქალაქებში ნორმალური პროცესები მიმდინარეობს. გაიხსნა ოფისები, საწარმოები, სასწავლო პროცესი ასე, რომ ჩვენც ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, მანამ სანამ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა",- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ასევე ჟვანიას თქმით, საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში 15 000 ადამიანი გაემგზავრა, მათ შორის არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500 ადამიანი.
"ბოლო 24 დღის განმავლობაში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-მდე გამოემგზავრა. ორმაგი მოქალაქეობის პირებს ვერ ვითვლით. საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში გაემგზავრა 15 000 ადამიანი, მათ შორის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე 1 500-ია",- თქვა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო, რაზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.