ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8 300-ს აჭარბებს - ჰამასის ჯანდაცვის სამინისტრო
„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინიმუმ 8 306 ადამიანი, მათ შორის 3 457 არასრულწლოვანი, დაიღუპა ღაზაში მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაიწყო ანკლავის საპასუხო დაბომბვა.
სამინისტროს ცნობით, დაღუპულთაგან 2 136 ქალი და 480 მოხუცია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზის სექტორში ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ასევე, საჭირო დახმარების მარაგის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებს ფუნქციონირება უჭირთ.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.