კლინიკა „ვივამედიდან“ ვისმენთ სააკაშვილის დადგმულ შოუს და ხალხიც ერთობა - კახა კალაძე
თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებზეა ბრალდებული და მისი განცხადებები იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი ბოლო პერიოდის განმავლობაში კლინიკიდან დგამს.
როგორც მან სააკაშვილის მიერ მომავალ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება მისთვის საინტერესო არაა.
„სასაცილოა უბრალოდ. სააკაშვილი ჩვეულებრივი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. ასევე, არის პროკურატურის მხრიდან გაცხადებული, რომ გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გულწრფელად ვიტყვი, პირადად ჩემთვის საინტერესო არაა სააკაშვილის განცხადება. ეს უბრალოდ იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდა. ჯერ იყო და დღეში ათჯერ კვდებოდა, შემდეგ სუსტდებოდა და თუ რაიმე დაავადება არსებობს, ყველაფერი სჭირდა. შემდეგ უცებ აღდგა და ერთ დღეში განიკურნა. არ ვიცი, საოცრებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.