თეგებით ძიება

ფინეთში ძროხების წველა ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურისგან გაათავსუფლებს

ფინეთის სოფლის მეურნეობა დამხმარე მუშახელის დიდ დეფიციტს განიცდის, რომლებსაც ფერმერების მძიმე შრომის მნიშვნელოვნად შემსუბუქება შეუძლიათ.

ამიტომ, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Yle) ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის კომენტარს, რომელშიც გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ფერმებში შექმნილი მუშახელის დეფიციტის შემსუბუქება სამხედრო პერსონალის გამოყენებით შეიძლება.

ძროხების მოწველა ჩვენს დროში, მართალია, ხშირად ავტომატიზირებულია, მაგრამ მერძევეობის ფერმებში დღეში ორჯერ ხდება და საკმაოდ რუტინული საქმეა.

Yle-ში გამოთქმული მოსაზრების ავტორის აზრით, ახალგაზრდები, რომლებიც სამხედრო სამსახურს სამოქალაქო სტრუქტურებში მუშაობის გზით იხდიან, შეიძლება, მერძევეობის ფერმებში დამხმარე მუშებად დასაქმდნენ.

ფინეთის კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ყველა ახალგაზრდა მამაკაცს მოეთხოვება. ამასთან, შესაძლებელია, რომ არმიაში სამსახურის ალტერნატივის სახით, ახალგაზრდამ უფრო ხანგრძლივი სამოქალაქო სამსახურის გავლა აირჩიოს. თუმცა, ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციის თანახმად, ფინელი მამაკაცების 70%-ზე მეტი სავალდებულო სამსახურის მოხდას მაინც არმიის რიგებში ამჯობინებს.

ფერმერთა სოციალური დაზღვევის ორგანიზაცია „მელას“ წევრი, პიაივი ვალინა მხარს არ უჭერს მერძევეობის ფერმებში იმ სამხედრო პერსონალის გამოყენების იდეას, რომლებიც სამოქალაქო სტრუქტურებში მუშაობენ. ის მიიჩნევს, რომ საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს.

„ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ დამხმარე ძალად სხვა ადამიანები ვიპოვოთ“, - ამბობს ვალინა და დასძენს, რომ შემოთავაზებულ იდეაზე უფრო მეტად, შესაძლოა, სამოქალაქო წვევამდელების სტაჟირების მოდელმა გაამართლოს.

თავის მხრივ, სამოქალაქო სამსახურის ცენტრის დირექტორს, მიკო რეიონენს მიაჩნია, რომ არასამხედრო სამსახურში მყოფ ახალგაზრდებს მნიშვნელოვან როლის შესრულება შეუძლიათ სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების დროს.

„სასოფლო-სამეურნეო სექტორში ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფის საკითხები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ფერმერების დამხმარე მუშახელს სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანების გადაჭრა შეუძლია“, - განუცხადა რეიონენმა Yle-ს.

ფინეთის მოქმედი კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, რომ პირები, რომლებმაც სამხედრო სამსახურის არმიაში გავლის ნაცვლად, სამოქალაქო სტრუქტურებში მუშაობა აირჩიეს, ფერმებში დროებით სამუშაოებზე იძულების წესით დაასაქმონ.

„მელას“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამჟამად ფერმერებს სასწრაფოდ სჭირდებათ ათობით დამხმარე, რომლებიც ავადმყოფ თანამშრომლებს ჩაანაცვლებენ.

მერძევეობის ფერმაში შრომის ანაზღაურება თვეში 2 000 ევროდან იწყება, რომელსაც გარკვეული ბონუსებიც ემატება.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა