მსოფლიოში მეორე ადამიანი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, გარდაიცვალა
აშშ-ში გარდაიცვალა 58 წლის ლოურენს ფაუსეტი, რომელსაც 20 სექტემბერს ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს. ინფორმაცია ამის შესახებ მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გადანერგვის ორივე ოპერაცია მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექსპერტებმა ჩაატარეს.
კაცს სისხლძარღვთა დაავადება და შიდა სისხლდენის გართულებები ჰქონდა. ექსპერიმენტული ტრანსპლანტაციის გარეშე, ორი შვილის მამა და საზღვაო ძალების ვეტერანი მალე დაიღუპებოდა.
ოპერაციის შემდეგ კაცმა თქვა, რომ მისი ერთადერთი იმედი ღორის მოდიფიცირებული გული იყო, მაგრამ ბოლო დღეებში მისმა ორგანიზმა გადანერგიული ორგანოს მიუღებლობის ნიშნების გამოვლენა დაიწყო. ექიმებმა ფაუსეტის გადარჩენა ვერ შეძლეს.
„არასოდეს ეგონა, რომ ამდენ ხანს იცოცხლებდა და ამდენ ინფორმაციას მიაწვდიდა მეცნიერებს ქსენოტრასპლანტაციის შესახებ. ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა სხვებზე, განსაკუთრებით ჩემზე და თავის შვილებზე. მისი სიკეთე შეუმჩნეველი არ დარჩა“, - განაცხადა ფაუსეტის მეუღლე ენიმ.
პირველი ადამიანი, რომელსაც ღორის მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს 2022 წელს 2 თვის შემდეგ დაიღუპა. მაშინ ექიმები ამბობდნენ, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, ღორის ვირუსი ყოფილიყო. ექსპერიმენტის მიზანი დონორთა ორგანოების დეფიციტით აღმოფხვრა იყო. დონორთა ორგანოების დეფიციტი სერიოზული გლობალური პრობლემაა. მხოლოდ აშშ-ში, ორგანოების ლოდინის სიაში დაახლოებით 110 000 ადამიანია. ყოველდღიურად, დროული ტრანსპლანტაციის გარეშე კი 17 ადამიანი კვდება.
ღორის გული ვირჯინიაში დაფუძნებულმა კომპანია Revivicor-მა შეიმუშავა. ბიოტექნოლოგიური კომპანია გენმოდიფიცირებულ ღორებზე მუშაობს. ექსპერეტბის თქმით, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ამით მსოფლიოში ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრა რეალურია.