"დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი...გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის" - რატი ბრეგაძე გაქცეული პატიმრების დაკავებაზე
დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი - წერს იუსტიციის მინისტრი, კლინიკიდან გაქცეული პატიმრების დაკავებასთან დაკავშირებით.
რატი ბრეგაძე მადლობას უხდის შს მინისტრსა და პოლიციას მხარდაჭერისთვის, თუმცა არ აკონკრეტებს სად და რა ვითარებაში დააკავეს გაქცეული პატიმრები:
"სამივე დამნაშავე დაკავებულია!
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.
მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.
მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.
დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი.
მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.
ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს", - წერს ის.