არასოდეს გაიმეოროთ პატრიარქის გადადგომაზე საუბარი - მეუფე ნიკოლოზი
პატრიარქის გადადგომაზე საუბარი არის შეტევა და თავდასხმა პატრიარქზე. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ეს განცხადება მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა. კარის და კუმურდოს მიტროპოლიტი ერთ-ერთია, ვინც ვრცლად ისაუბრა დახურულ კარს მიღმა განხილულ საკითხებზე.
მეუფე ნიკოლოზი კატეგორიულად უარყოფს, რომ პატრიარქმა გადადგომის შესახებ რაიმე განცხადება გააკეთა, უფრო მეტიც, მაღალი იერარქი ამბობს, რომ პატრიარქმა სხდომა სრულფასოვნად წარმართა და განსახილველ საკითხებსაც თავად აყენებდა.
"არასოდეს არ გაიმეოროთ მეტი პატრიარქის გადადგომის შესახებ საუბარი. ეს არის ერთის მხრივ ძალიან უხერხული და მეორეს, მხრივ, ამ თემაზე ლაპარაკი არის პირდაპირ შეტევა პატრიარქზე. ეს არის რეკომენდაცია პატრიარქის მიმართ საზოგადოების სახელით, ოღონდ ეს საზოგადოებას სულაც არ უნდა. ამიტომ გირჩევთ, რომ აღარასოდეს აღარ გაიმეოროთ ეს. არასოდეს არ მოხდება რომ პატრიარქი გადადგება. ამასწინათ იყო სინოდის სხდომა, მაგრამ მანამდე კარგა ხანი არ იყო, ეს არის პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე გახსოვთ, რომ წინა სხდომამ დაიგვიანა და რამდენიმე საათით გვიან დაიწყო. მიუხედავად ამისა, ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, რომ პატრიარქმა დამოუკიდებლად, თვითონ ჩაატარა სინოდის სხდომა". - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.