თეგებით ძიება

"ანტიდეპრესანტის მიღებას, მალე სრულად შევწყვეტ...“ - როგორ დაამარცხა შფოთვითი აშლილობა გიორგი კეკელიძემ?

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, და წერს, რომ გამოჯანმრთელების „ჯოჯოხეთური წელიწად-ნახევარი“ გაიარა, რათა დღევანდელ დღემდე მოსულიყო.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა - დავიწყე უკიდურესად შემცირებული ანტიდეპრესანტის დღეგამოშვებით მიღება და მალე სრულად შევწყვეტ.

ამას წინ ჯოჯოხეთური წელიწადნახევარი და მერე ტურბულენტური წელიწადი უძღოდა - უკვე გამოჯანმრთელების. 

და მე გადავწყვიტე შურისძიება. არა კონკრეტულ ადამიანებზე, ეგ იოლი საქმე იყო და კაცმა რომ თქვა, არც ღირან ამად - ზედმეტად ზედაპირულები და უგემოვნოდ ტრაგი-კომიკურები არიან. არამედ შურისძიება საკუთარ თავზე. და დავისახე დიდი მიზნები. და აი, ამბები განსასჯელად, რომელთაც ვეჭიდები:

პირველი და მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შესწავლაა - იმ ობსესიების და შფოთვების გენეზისის დადგენა, მათი გაჩვეულებრივება, ბიოქიმიის მართვის მცდელობა და სხვანი.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia -

პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, დამწერლობის მუზეუმი, ახალი საცავები, ციფრული ლაბორატორიების განახლება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.

ეკვილიბრიუმი • Equilibrium  - სოფლის ბიბლიოთეკების აქტიური მომარაგება და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობა - უახლოესი გაიხსნება რომში, ემპოლიში და ბარიში, მერე - რიზე, დუბლინში, ათენში და აშშ-ს რამდენიმე ქალაქი.

 დავწერე და გამოიცა ორი წიგნი - ორივე განსხვავებული - ერთი ფეხბურთელზე და მეორე პოეტური კრებული #ახალისიმღერები - პირველი - ეროვნული ბესტსელერის, მეორე - ვფიქრობ, ძალიან ამბიციური ლიტერატურული დონის.  მალე გამოვა #თომასზღაპრები ს მეორე ნაწილი.  ვწერ  კიდევ ორ ტექსტს - ასევე ორივეს განსხვავებულს, პირველი - #წერილებიჩემიბავშვობიდან  მცდელობაა იმისა, რომ გაცილებით სრულყოფილი #გურულიდღიუები შეიქმნას და მეორე - #ობსესიები - პირველ სერიოზულ რომანზე მუშაობა.

ძალიან მალე წიგნი ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიაშიც გამოიცემა, რომლის პროდიუსერიც ვარ, გარდა ავტორისა. პროექტის მხარდამჭერები უმსხვილესი იტალიური მედია-გამოცემები არიან.

ვასრულებ მუშაობას ,,ბჰაგავდგიტას" პოეტურ თარგმანზე, პრაპჰუბადასა და ვივაკანდას კომენტარებით.

ვამუშავებ სადოქტორო მიმართულებას - ,,ფოლკლორის ფსიქოთერაპია"  და ამით ვასრულებ ჩემი მასწავლებლის - ზურაბ კიკნაძის ანდერძს.

აღვადგინეთ ლეგენდარული LIB.GE  და დავაფუძნეთ lib-აკადემია, რომელიც გულისხმობს პირველ სტრუქტურულ კერძო ონლაინ სკოლას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

დაიწყო გადაღებები ფილმის #გურია (რეჟისორი - ლევან კოღუაშვილი) რომელიც შვიდი ქვეყნის კოპროდუქციია და ვარ მისი სცენარის ავტორი და პროდიუსერი. 

ვგეგმავ საკუთარი მინი-ფილმების #სოფლებიდაადამიანები სერიის გაგრძელებას ნათელა გრიგალაშვილთან ერთად.

ვაგრძელებ მუშაობას ტელევიზიაში, საკუთარი ლიტერატურული რუბრიკით ახალი დღე • 1tv.ge და ვგეგმავ რადიოსაც.

ვმუშაობ მასწავლებლად European School - ევროპული სკოლა -  და ვწერ სტატიებს გაზეთისთვის @mastavlebeli.ge

ვკითხულობ საჯარო ლექციებს სკოლებში და უნივერსიტეტებში.

ვმუშაობ მოხალისედ ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation - ის  სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებთან და ასევე ვცდილობ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს მოხალისეობასაც.

ვუძღვები #გურულიდღიურებისფონდი - ს, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს სტიპენდიას უნიშნავს.

და ამის უკან დგას უამრავი პერსონალური და ბიუროკრატიული ამბავი. 

და მე ადამიანის ძალის მჯერა", - წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა