თეგებით ძიება

ეს არის დიდი საჩუქარი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ადამიანის სიცოცხლის ფასად გაუკეთა ნაცმოძრაობას - ვოლსკი კირბალზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკიც პარტიის სხვა წევრების მსგავსად წინა ხელისუფლების ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც უკვე 11 წელია ხელისუფლებაში აღარაა. ვოლსკიმ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან  დაკავშირებით თქვა, რომ "ოკუპაციაა თვითონ დაშვებული და თვითონ ხაზებია საოკუპაციო გავლებული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ".

"რასაკვირველია, ეს აღტკინება ქართველს არასდროს მოაკლდება, რომ სალოცავში მივიდეს, მაგრამ არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომლებიც ამ პერიოდში იქმნება და ამ საფრთხეების იგნორირებისკენ მოუწოდებდა სულ რამდენიმე ხნის წინ სრულიად ნაცმოძრაობა საზოგადოებას. აი ეს არის, შედეგი მივიღეთ დღეს, ყოველ დღე მივიღებთ ამ შედეგს თუნდაც იმ გავლებული ხაზებით, ხალხის დაკავებებით და ღმერთმა ნუ ქნას კიდევ მკვლელობით, ღმერთმა ნუ ქნას, რომ კიდევ მოხდეს ეს. 

რასაკვირველია ამ თემაზე რეაგირება საჭიროა, საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, ამასთან მიმართებაში და საგანგებოდ უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ეს არის დიდი საჩუქარი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ადამიანის სიცოცხლის ფასად გაუკეთა დღეს ნაცმოძრაობას და სრულიად შემაძრწუნებელი, გამაოგნებელი განცხადებები გავიგონეთ დილიდან ამასთან დაკავშირებით იმის მაგივრად, რომ სამძიმარი გამოუცხადონ ოჯახს უპირველეს ყოვლისა და დაფიქრდნენ იმ შეცდომებზე, იმ დანაშაულებზე რაც აქვთ ჩადენილი", - თქვა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა