აბორტის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა - დეტალურად
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, აბორტამდე 5-დღიან მოცდის პერიოდთან ერთად პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან. ეს სავალდებულო მოთხოვნა ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვრიდან.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამ ცვლილებებს აფასებენ, როგორც დამატებით ბარიერს ქალებისთვის და მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
ჯანდაცვის სამინისტროსგან „პუბლიკა“ ამ დრომდე ელოდება პასუხს კითხვებზე – რა მიზანს ემსახურება ეს ცვლილებები? რატომ გახდა აუცილებელი? რა სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს სახელმწიფო? და იყო თუ არა კონსულტაციები საერთაშორისო თუ ადგილობრივ სპეციალისტებთან ცვლილებების მიღებამდე?
რა ცვლილებები შევიდა ბრძანებაში?
ცვლილებები „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის N01-74/ნ ბრძანებაში შევიდა.
საქართველოს კანონმდებლობით, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა შესაძლებელია, ნებაყოფლობით (ქალის მოთხოვნის საფუძველზე) ორსულობის 12 კვირამდე (ჩათვლით). ხოლო სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შესაბამისად ორსულობის 12-დან 22 კვირამდე.
ცვლილებების თანახმად:
აბორტამდე მოსაფიქრებელი 5-დღიანი პერიოდის ნაწილს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.
აბორტის წინა კონსულტაციის და განსაზღვრული 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის ამოწურვის შემდეგ, პროცედურამდე ჩატარებული რადიოლოგიური კვლევის შედეგები უნდა ჩაიწეროს და სურათი უნდა განთავსდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის (სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან) მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში.
ცვლილებები შეეხო მედიკამენტურ აბორტსაც, მცირდება მედიკამენტური აბორტის დასაშვები ვადა 10 კვირიდან 7 კვირამდე და ემატება როგორი ტიპის დაწესებულებაში უნდა ჩატარდეს. ჩანაწერის მიხედვით, 7 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ.
ასევე, ცვლილებები შეეხო 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ნაწილსაც და სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალსაც.
„მოულოდნელი ცვლილებები“ – როგორ აფასებენ სპეციალისტები
საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შესულ ცვლილებებს ქალების ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ გადაწყვეტილებად აფასებენ. თუმცა, მათთვის ამ ცვლილებებში ბევრი საკითხია ბუნდოვანი და აქვთ კითხვები ჯანდაცვის სამინისტროსთან. „თანადგომა“ მრავალი წელია ქალთა სქესობრივ და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს.
ორგანიზაციის წარმომადგენელი ქეთი ჭელიძე ამბობს, რომ არც მათთან და რამდენადაც იცის, არც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან არ ყოფილა კონსულტაციები ცვლილებების მიღებამდე. მისთვის გაუგებარია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან კონსულტაცია.
„ასევე, რამდენად ჰყავს ფსიქოლოგი ყველა ორგანიზაციას, რომელიც აბორტის სერვისის მიმწოდებელია – ეს მეორე პრობლემაა და მესამე, ვინ გადაიხდის ამის ფულს, ანუ ძვირდება თუ არა სერვისი? არ ვიცით, რა არის ამის მიზანი, უნდა თქვან. საერთოდ რამდენად არსებობს სპეციფიკური კონსულტირების გამოცდილება ამ სფეროში და ამ საკითხებზე“, – აღნიშნავს ქეთი ჭელიძე.
ის ამბობს, რომ თუ მიზნად დემოგრაფიულ საკითხს დაასახელებენ, არასწორია, რადგან შობადობის გაზრდა აბორტის ბარიერის შექმნით და აბორტის სერვისის გართულებით არ ხდება. მისი თქმით, ამან შეიძლება გამოიწვიოს არალეგალური აბორტების ზრდა, ან ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ქალის ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო იყოს.
ორგანიზაცია „თანადგომის“ პროექტის მენეჯერი ლიკა მამაცაშვილიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს დამატებითი წინაღობაა ქალებისთვის და გაიზრდება არალეგალური აბორტების რიცხვი.
„იმდენად ახალი ამბავია, ჩვენ თვითონ დაბნეულები ვართ. მკაფიო პასუხებს ამ ეტაპზე ვერ ვიძლევით, მაგრამ ეს ცალსახად ბარიერია“, – ამბობს ის.
ლიკა მამაცაშვილი მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი რეკომენდაციებიც იმას ეხება, რომ აბორტის სერვისის მიღება გამარტივდეს: „არსად არცერთ ქვეყანაში, სადაც დაშვებულია აბორტი, არ არის ასეთი ბარიერი, პირიქით იქითკენ მიდიან, რომ კიდევ უფრო გამარტივდეს. არც საერთაშორისო რეკომენდაციებს ან სტანდარტებს არ ვიცნობ, სადაც მსგავსი რამ წერია”.
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში და ასევე, „თანადგომის“ მიერ მომზადებულ 2020 წლის კვლევაშიც აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესახებ, რომლის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტისთვის უნდა აღიკვეთოს არასამედიცინო აუცილებლობით გამოწვეული ხელისშემშლელი დაბრკოლებები.
„ამის წინაპირობა თითქოს არ არსებობდა. ძალიან გაგვიკვირდა, ამ ცვლილებებს არავინ ელოდებოდა. მაგალითად, ჩვენ რომ გვქონდეს ნდობა, რომ ეს მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, სოცმუშაკი) ერთვება სწორედ იმიტომ, რომ სტიგმა შეამციროს, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაეხმაროს და გააძლიეროს ქალი, სხვა საჭიროებები შეაფასოს და ა.შ., მაშინ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი. მაგრამ იმის გვეშინია სწორედ, რომ ეს ნდობა არაა და არც ვიცით, რა მიზნით მიიღეს. მაგრამ ასეც რომ იყოს, ისევ იქ მივდივართ – რომელ კლინიკას ჰყავს ადგილზე ფსიქოლოგი და სოცმუშაკი? ეს ხომ თავისთავად გაზრდის მოსაცდელ პერიოდს. ამიტომ აპრიორი მაინც ბარიერია. იმაშიც ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ფსიქოლოგები და სოცმუშაკები საქართველოში აბორტის მიმართ სენსიტიურები არიან და კარგად ესმით, როგორი კომუნიკაცია უნდა გასწიონ“, – ამბობს ორგანიზაციის „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“ პროგრამების მენეჯერი მედეა ხმელიძე.
ის ასევე ამბობს, რომ პრაქტიკაში კიდევ უკეთესად გამოჩნდება, ეს ცვლილებები რას მოიტანს, თუმცა, აქვე გვეუბნება, რომ მას ცუდი შედეგების მოლოდინი აქვს.
აბორტთან დაკავშირებული ახალი ცვლილებების შესახებ „პუბლიკა“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს დაუკავშირდა.
„ცვლილებები ჩვენი მხრიდან უკვე გაიგზავნა შესაბამის ექსპერტულ ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან. ჩვენი ოფიციალური პოზიცია დასკვნის მიღების შემდეგ ჩამოყალიბდება. გაეროს მოსახლეობის ფონდი განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ ყველა ქალის უფლება და არჩევანი დაცული იყოს“, – მოგვწერეს ორგანიზაციიდან.
გაეროს მოსახლეობის ფონდმა 2014 წელს პოლიტიკის მიმოხილვის დოკუმენტი გამოაქვეყნა „ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკისა და სერვისების გაძლიერება – უსაფრთხო და ეფექტური გზა აბორტის სიხშირის შესამცირებლად საქართველოში”.
ამ დოკუმენტში, WHO-ზე დაყრდნობით, ხაზგასმულია, რომ კანონები და პოლიტიკა, რომლებიც აიძულებს ქალებს, მიიღონ მშობლის ან მეუღლის თანხმობა, სავალდებულო ლოდინის პერიოდები, სავალდებულო ულტრაბგერითი გამოკვლევა და აბორტის წინ მიკერძოებული კონსულტაციები, სამედიცინო თვალსაზრისით, საჭიროებას არ წარმოადგენს და ხელს უშლის აბორტის უსაფრთხო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.