კოლეჯებს, რომლებიც ანტისემიტიზმის და ისლამოფობიის პრობლემებს ვერ გაუმკლავდებიან, აშშ დაფინანსებას შეუწყვეტს
ტაბულას ინფორმაციით, აშშ კოლეჯებს დაფინანსებას შეუწყვეტს, თუ ისინი ანტისემიტიზმის პრობლემას ვერ გაუმკლავდებიან.
აღნიშნულზე აშშ-ს განათლების მდივანმა მიგელ კარდონამ CNN-თან ისაუბრა. მისი თქმით, ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, სკოლებში ანტისემიტურმა და ისლამოფობიურმა ინციდენტებმა იმატა.
მიგელ კარდონას თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ისინი განათლების დეპარტამენტის მოწოდებებს არ გაითვალისწინებენ.
ინტერვიუში მან აღიარა, რომ დიდი გამოწვევაა, ერთი მხრივ, ყველა სტუდენტისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყო, ხოლო მეორე მხრივ, მათი სიტყვის თავისუფლება დაიცვა, მაგრამ "ანტისემიტიზმისა და ისლამოფობიის ადგილი კოლეჯების კამპუსებსა და სკოლებში არ არის", - თქვა მან.