საფრანგეთი აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანაში 1040 ანტისემიტური აქტი განხორციელდა
კვირას, 5 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ ბოევიკების თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთში ანტისემიტიზმის 1 000-ზე მეტი აქტი დაფიქსირდა. „ანტისემიტური აქტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა“, - განუცხადა მან ტელეკომპანია France 2-ს და დასძინა, ამ სახის დანაშაულის ჩადენისთვის 486 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის 102 უცხოელია. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ ბოევიკების თავდასხვას 1 400 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა ძირითადი ნაწილი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, დაახლოებით 240 პირი კი მძევლად აიყვანეს. მას შემდეგ ისრაელი, „ჰამასის“ განადგურების მიზნით, დაუნდობლად უტევს ალყაში მოქცეულ ღაზას სექტორს. „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზოგიერთ ქალაქში საცხოვრებელი კვარტლები მთლიანად არის განადგურებული, რის შედეგადაც 9 700-ზე მეტი ადამიანი (ძირითადად, ქალები და ბავშვები) დაიღუპა.
საფრანგეთის ებრაული მოსახლეობა, რომელიც 500 ათასს აღემატება, ყველაზე მრავალრიცხოვანია ევროპაში და სიდიდით მესამეა მსოფლიოში, ისრაელისა და შეერთებული შტატების შემდეგ. პარიზის პოლიციის უფროსმა, ლორან ნუნიესმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მხოლოდ პარიზის რეგიონში ანტისემიტიზმის 257 აქტი დაფიქსირდა, რის საპასუხოდ, 90 დაპატიმრება განხორციელდა. მისივე თქმით, დაკავებულებს ტიპური მახასიათებელი ნიშნები არ გააჩნიათ და მათ შორის არიან როგორც „ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ძალიან სერიოზულად საუბრობენ“, ისე პროპალესტინურ მოძრაობაში ჩართული პირები, რომლებმაც „ძალიან ღრმად შეტოპეს“. კვირას, სოციალისტური პარტიის ლიდერმა, ოლივიე ფორემ ყველა პოლიტიკურ ძალას ანტისემიტიზმთან საბრძოლველად მობილიზებისკენ მოუწოდა.
რადიო J-სთვის გაკეთებული კომენტარის დროს, ის გამოვიდა ინიციატივით, რომ უახლოეს დღეებში ჩატარდეს დემონსტრაცია პარიზის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე, რომელიც, როგორც წესი, მიტინგების გასამართ ადგილს წარმოადგენს. თუმცა, მის ინიციატივას მაშინვე მოჰყვა კრიტიკა თავად მემარცხენე პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებმაც არ გამორიცხეს აქციაში ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის მონაწილეობა.
დანის ტრიალი ლიონში
პარიზის პროკურატურა უკვე იძიებს გასულ კვირას ქალაქსა და მის შემოგარენში არსებულ შენობებზე „დავითის ვარსკვლავის“ დახატვის ათობით ფაქტს. საფრანგეთის ებრაელ სტუდენტთა კავშირმა განაცხადა, რომ ეს იმისთვის გაკეთდა, რომ გავლებულიყო პარალელი ნაცისტური რეჟიმის მიერ ებრაელების იძულებასთან, ეტარებინათ „დავითის ვარსკვლავის“ გამოსახულებიანი ტანსაცმელი. როგორც ქალაქ ლიონის პროკურორებმა დასვენების დღეებში განაცხადეს, ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა სწორედ ანტისემიტიზმის ნიშნით მოხდა თავდასხმა ახალგაზრდა ებრაელ ქალზე, რომელიც საკუთარ სახლში დანით დაჭრეს. პოლიციამ ეს თავდასხმა „მკვლელობის მცდელობად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მართალია, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ არც დამნაშავეები დაუკავებია.
თავის მხრივ, ქალაქ ბეზანსონის მერმა დაგმო ანტისემიტური გრაფიტის ახალი ტალღა, რომელიც თავდაპირველად 31 ოქტომბერს აგორდა. „ჩვენ მის შინაარსში ძალადობის ესკალაციის ნიშნებს ვხედავთ“, - აღნიშნა ენ ვინიომ და განმარტა, რომ ასეთი ქცევა შეიძლება სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.
წყარო: 1tv.ge