თეგებით ძიება

მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან და არც ოპოზიციასთან - ირაკლი ღარიბაშვილი

მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან და არც ოპოზიციასთან, მე არავითარი საქმე არ მაქვს მათთან, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამწუხაროდ, არც პრეზიდენტს,  არც ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

„გასაგებია ქალბატონი პრეზიდენტის მოტივაციაც და ჩვენი ხელმოცარული ოპოზიციის მოტივაციაც, როგოც ჩანს მათ გაიგეს ბოლო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და პოზიტიური რეკომენდაცია იქნებოდა, რომელიც დღეს დადასტურდა. ამიტომ, ეს იყო მათი მხრიდან უსუსური მცდელობა, რომ რაიმენაირად, იქნებ ბოლო პერიოდში, ბოლო კვირებში მაინც ჩართულიყვნენ ამ პროცესში და რაღაც ქულა მაინც წაეღოთ და ეს  ძალიან უსუსური მცდელობა იყო, რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტისგან, ასევე ოპოზიციისგან. ვინაიდან, მე მინდა ხაზგასმით და მკაფიოდ განვაცხადო, არც პრეზიდენტს, სამწუხაროდ, არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, არაფერი, არც შარშან, არც შარშანწინ და არც ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, რაიმე ხელშესახები შედეგი მოუტანა ჩვენ ხალხს, ეს არის „ქართული ოცნება“, ეს არის ჩვენი ხელისუფლება.პრეზიდენტს აქვს თავის როლი და მე მინდა ყველამ გაიაზროს კარგად, საკუთარი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობანი, როგორც პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტმა და ყველამ. ჩვენ ვიცით, მე ვიცი ჩემი უფლება-მოვალეობანი და მე, რა თქმა უნდა, მივყვები კონსტიტუციას და ჩვენს მთავარ კანონს და ვიცავ და ვასრულებ, პირნათლად, ვემსახურები ჩვენს ქვეყანას. ასევე მოვუწოდებდი პრეზიდენტს და ყველას, რომ კარგად ჩაიხედონ საკუთარ უფლება-მოვალეობებში და გაერკვიონ. მე არ მსურს ახლა პრეზიდენტთან რაიმე პოლემიკაში შესვლა, პრეზიდენტს თავისი ფუნქცია აქვს  განსაზღვრული მკაფიოდ - კონსტიტუციაში არის ეს ყველაფერი განმარტებული, პარლამენტს თავისი, მთავრობას,  აღმასრულებელს თავისი - ასე რომ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს, ამიტომ ყველამ აკეთოს თავის საქმე - ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია ყველასთვის. ოპოზიციას ვუსურვებ დიდხანს დასვენებას“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა