დოთიაშვილს უკანონო დაკავების დროს მიაყენეს დაზიანება - ირაკლი ანთაძე
უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგნელებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
"უკანონო დაკავების დროს ლევან დოთიაშვილს მიაყენეს დაზიანება... მკვლელობის დეტალებზე გამოიკითხება შსს-ში", - ამის შესახებ სუს-ის წარმომადგენელი ირაკლი ანთიძე ერგნეთში, ჟურნალისტებთან საუბრობს. როგორც ანთაძე ამბობს, დოთიაშვილს დაზიანება სახის არეში გატაცების დროს მიაყენეს.
"რამდენიმე წუთის წინ გადმოვიყვანეთ ლევან დოთიაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და, როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს. რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, ბატონი ლევანი გახლავთ ამ მკვლელობის თვითმხილველი, იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. როგორც მან განაცხადა, ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ფიზიკური დაზიანება კი დაკავების დროს მიიღო,"- აცხადებს ირაკლი ანთაძე.