თეგებით ძიება

გზების ნაწილზე მოძრაობისთვის ზამთრის საბურავები სავალდებულო ხდება — კანონპროექტი

გზების ნაწილზე ზამთრის საბურავების, საჭიროების შემთხვევაში კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე გადაადგილების გამო, შესაძლოა, 100 ლარით დაგაჯარიმონ და მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა 5-ით შეგიმცირონ. ამის თაობაზე “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებებისთვის კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, ხოლო პარლამენტში მისი ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ზამთრის საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სავალდებულო იქნება პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში იმ ზონებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. საჭიროების შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით მთავრობა უფლებამოსილი იქნება აღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროები დაადგინოს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი, 161 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება ზამთრის პერიოდში გადაადგილებისათვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები:

“საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი უნდა იყოს ზამთრის საბურავებით.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაადგინოს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული პერიოდი. ამავე, მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფს შესაძლებლობა ექნება დააწესოს დამატებითი მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ზამთრის საბურავებთან ერთად არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე დამაგრებული უნდა ჰქონდეს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები”, — ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს ზამთრის საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მახასიათებლებს, აგრეთვე, ამ მახასიათებლებთან საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების შესაბამისობის დადგენის წესს, ასევე იმ ზონების/გზის მონაკვეთების ჩამონათვალს, სადაც ამ მუხლით დადგენილ პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ჯაჭვების მახასიათებლები და იმ გზის მონაკვეთები, სადაც სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავები კონკრეტულ პერიოდში უნდა განსაზღვროს 2024 წლის პირველ იანვრამდე.

ასევე, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში კანონი პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში.

იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი პირი ჯარიმას განსაზღვრულ ვადებში არ გადაიხდის, ჯარიმის თანხა გაორმაგდება.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სამართალდამრღვევს დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა