„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კანონპროექტებს “მპარავენ” - რას წერს რომან გოცირიძე?
დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება აიძულო საპარლამენტო უმრავლესობა, მიიღოს ის კანონი, რომელიც არის ოპოზიციის მიერ ინიცირებული. დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა “ქართუული ოცნების” და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც არის ჩემი იმ კანონპროექტის ასლი, რომელიც ორი კვირის წინ ჩააგდო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა. მიხვდნენ, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და სრც მოვასვენებდი. საკითხი ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი დაფინანსების მავნე წესის შეცვლას. მხოლოდ მომავალი სამი წლის განმავლობაში 60 მილიონ ლარზე მეტი დაეზოგება ქვეყანას ამ ინიციატივით.
ეს კანონპროექტი პირველად 2017 წელს მქონდა ინიცირებული, მაგრამ არ დაუჭირეს მხარი. არ მოვეშვი და აგერ შედეგიც. რა თქმა უნდა მას ოცნების სახელით მიიღებენ და ქულებსაც თავად ჩაიწერენ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კანონპროექტებს “მპარავენ”:) მეც ეს მინდა-დავწერ, დავდებ ხელმისაწვდომ ადგილზე და იპარავენ:))
ახლა ახალი სამიზნე მაქვს-უნდა ვაიძულო შეცვალონ კანონი ფიზიკური პირების ქონების გადასახადის შესახებ, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს მოქალაქეებს. უკვე დაიწყო ჩემი კანონის განხილვა. მთავრობამ თქვა, მომავალი წლის დასაწყისში ჩვენც ვაპირებთ შემოტანასო. ძალიანსც კარგი, მიჩუქნია:)
პირველად მსგავსი კანონპროექტი 2019 წელს იყო ინიცირებული ოპოზიციის მიერ. ალბათ მომწიფდა დრო, რომ ეს ცვლილებებიც ვაიძულოთ.“