"მოვითხოვთ დამნაშავის დასჯას, თუ ვინმე მოგვაქცევს ყურადღებას და დამნაშავეებს გადმოსცემენ საქართველოს, მადლობელი ვიქნები" - თამაზ გინტურის ძმა (ვიდეო)
რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური ძმა, ნიკოლოზ გინტური, დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
"მოვითხოვთ დამნაშავის დასჯას. თუ ვინმე მოგვაქცევს ყურადღებას და დამნაშავეებს გადმოსცემენ საქართველოს, დიდი მადლობელი ვიქნები ყველას," - ამბობს ნიკოლოზ გინტური.
თამაზ გინტურს კი დღეს, 11 ნოემბერს, კირბალის იმ სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომლის ნაწილიც ახლა საოკუპაციო ხაზს მიღმაა.
გინტური დღეს დილით კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. იქ მისი ოჯახის წევრები, თანასოფლელები, მოქალაქეები და ახლობლები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.