თეგებით ძიება

"ჩვენი გამოსვლა კიევში იყო საქველმოქმედო, რის შედეგად შეგროვდა 100.000 ევროზე მეტი უკრაინული სამხედრო ჰოსპიტლისთვის“ - ნიკოლოზ რაჭველი უკრაინაში გამართულ კონცერტზე

კონცერტმაისტერი, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ კიევში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული 100.000 ევროზე მეტი, უკრაინაში ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალს მოხმარდება.

"ჩვენო გულშემატკივრებო და ახლობლებო, მშვიდობით გადმოვკვეთეთ უკრაინის საზღვარი და უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. კიევში ჩვენი ყოფნის განმავლობაში რუსეთი შეეცადა დედაქალაქის დაბომბვას, თუმცა უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ შეძლო საფრთხის განეიტრალება და მხოლოდ გარეუბანში ჩამოვარდა რამდენიმე ჭურვი, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია! 

ომის დაწყებიდან რიგით მეშვიდეჯერ ჩვენი ჩასვლის მიზანი ახლაც ქველმოქმედება და ქართული საზოგადოების მხარდაჭერისა და სოლიდარობის ჩატანა იყო. ჩვენი გამოსვლა კიევის კამერატას სოლისტთა სიმებიან კვინტეტთან ერთარ მიეძღვნა ერთერთი საველე სამხედრო ჰოსპიტალისთვის რენდგენის აპარატის შეძენას. კონცერტისა და აუქციონის შედეგად შეგროვდა 100.000 ევროზე მეტი, რაც მალე ჩვენი უკრაინელი მასპინძლების და ჩვენი საერთო მეგობარის სოფო ჭყონიას სურვილსა და ჩანაფიქრს რეალობად აქცევს! როგორც ყველა წინა მოგზაურობის დროს ახლაც უზარმაზარი მადლიერება და სიყვარული გამოგვაყოლეს. ნინომ უკვე მეორე სახელმწიფო ჯილდო მიიღო, ამჯერად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის ინიციატივითა და ხელმოწერით. ვბრუნდებით ურთულესი გზით დაღლილები, საკონცერტო გამოსვლისგან ენერგიით დაცლილები, მაგრამ ამაყები, რომ კიდევ ერთხელ შევძელით გაგვეკეთებინა ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ გასტროლზე წასვლა თუ კონცერტის ჩატარებაა… 

და რათქმაუნდა უპირველესად: გამარჯვება უკრაინას, მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს, განადგურება რუსულ ტოტალიტარულ და ბოროტ რეჟიმს, სიკეთის გამარჯვება სიბნელესა და ბოროტებაზე! ", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა