თეგებით ძიება

განათლების სამინისტროს ახალი მიმართულება - "ახალგაზრდობის სააგენტო" დაემატებ

მომავალი წლიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მიმართულება, ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, უწყების სახელწოდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იქნება.

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან, ახალგაზრდობის სააგენტოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში გადმოტანის თაობაზე. მთავრობის მსჯელობისას იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩვენ, ჩვენი პროგრამების ფარგლებში, დაწყებული სკოლით, პროფესიული განათლებითა და უმაღლესი განათლებით, ისედაც გვაქვს კომპონენტები, რომელიც, რა თქმა უნდა, გარდა განათლებისა, სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს. ზოგადად, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოვიცავთ ჩვენს პროგრამებსა და სამინისტროში. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის და განათლების სიახლოვის შედეგად, ამ სააგენტოს მოქმედება გაგრძელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. შედეგად კანონპროექტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და შემდეგი წლიდან ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც დაემატება ახალგაზრდობის სააგენტო“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მიმდინარე სესიის ფარგლებში უნდა მოხდეს, რადგან ახალგაზრდობის სააგენტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში 1-ელი იანვრიდან გადმოვიდეს.

„განახლებულ სამოქმედო გეგმას ჩვენ უახლოეს მომავალში წარვუდგეთ საზოგადოებასა და ჩვენს ახალგაზრდებს. განათლების პოლიტიკასთან ერთად შევთავაზებთ საკმაოდ აკადემიურად, შემეცნებითად და სახელმწიფოებრივად განახლებულ პროგრამას, აქტივობებს და, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სიამოვნებით ჩაერთვება ამ აქტივობებში. ეს გადაწყვეტილება დღეს მთავრობამ მიიღო. ეს არ მოხდება საგაზაფხულო სესიაზე, ახლავე გადაიგზავნება. თუ მოხერხდება, მას დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტი, ვინაიდან გვინდა, რომ პირველი იანვრიდან ეს სააგენტოს უფლებამოსილება გადმოვიდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. რაც შეეხება სიახლეებს, ხაზგასმით ვიტყვი, რომ მათ შორის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებთან ურთიერთობის დროს, სკოლის მოსწავლეებთან, მაღალკლასელებთან ურთიერთობისას, ჩვენ ყველა პროგრამაში, საფეხურების მიხედვით, ვითვალისწინებთ ახალგაზრდობის კომპონენტის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სააგენტოს სერვისები, რომელიც მას აქვს, ბუნებრივია, ექნება უფრო დახვეწილი, გაუმჯობესებული და გაძლიერებული, ვიდრე აქამდე იყო და პირდაპირ თანხვედრაში მოვა იმ საგანმანათლებლო პოლიტიკასა და პროგრამებთან, რომელსაც განათლების სამინისტრო ისედაც ახორციელებს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მიიჩნიეს რომ განათლებასთან ახლოს ყოფილიყო ახალგაზრდობის სააგენტო. სხვა შემთხვევაში, ძალიან წარმატებით ფუნქციონირებდა იმ სამინისტროში წლების განმავლობაში, სადაც ის ახლა არის“, - განაცხადა ამილახვარმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა