თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი

ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია არის მაკულატურა და გასაკვირი არაა, რომ მისი მოქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგაა - პარტნიორებმა იციან, რომ ის არ წარმოადგენს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს, მით უმეტეს ქართველი ხალხის ინტერესებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი საჯარო განცხადებები დამაზიანებელია, აცდენილია ხალხის ინტერესებს და უხერხულობას ქმნის.

"როცა ადამიანი წავა საკუთარი ერის ინტერესების წინააღმდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა იმით, რომ დაარღვია საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია, არა მხოლოდ დაარღვია, არამედ, როდესაც მხილებულ იქნა კონსტიტუციის დარღვევაში, მან თქვა, რომ არაფრად მიაჩნია, მისთვის ეს არის მაკულატურა და გათელა ფეხით, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ მისი საქციელი და მოქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად დამაზიანებელია მისი ასეთი საჯარო ქმედებები, გვახსოვს ლატვიაში რომ იმყოფებოდა, მთავარი შედეგი, რაც ამან მოიტანა, იყო მოწოდებები, რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, ანუ ჩაგვეგდო ჩვენი ხალხი პრობლემებში. ამ ინტერვიუს მთავარი შედეგი ვნახეთ, რომ შეშფოთებულია ჩინეთის ელჩი, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი განცხადებები, მოწყვეტილია რეალობას და აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესს. ქალბატონი სალომე უკვე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ და გასაკვირი არ არის, რომ უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს, გათელა კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან.

უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ქართველ ხალხს, როცა აბსოლუტურ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს ქვეყნის მიღმა, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერზე საუბრობს ასეთ სტილში, ასეთ ტონში. ამანაც აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება და საპარლამენტო უმრავლესობის ლეგიტიმაციის ჩამორთმევა მისთვის, ამით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ლეგიტიმაციის ჩამორთმევა და ამან პრევენციულ მიზანსაც მიაღწია იმისთვის, რომ იციან ყველამ, ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ქალბატონი სალომე არ წარმოადგენს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს და მით უმეტეს არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა