თეგებით ძიება

რა არ უნდა გააკეთოთ მზის ჩასვლის შემდეგ

იცით, რა არ უნდა გააკეთოთ მზის ჩასვლის შემდეგ, რომ საკუთარი საქციელით სახლსა და ოჯახს საფრთხე არ შეუქმნათ? - რადგან იდუმალებით მოცული ღამე ყოველთვის მისტიკურ მოვლენებსა და ბოროტ სულებთან ასოცირდებოდა, საუკუნეების განმავლობაში უამრავი მინიშნება და ცრურწმენა დამკვიდრდა მასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ იქნება ურიგო, მათგან ყველაზე პოპულარულ მინიშნებებს, ერთად თავმოყრილს თუ გაგაცნობთ ან შეგახსენებთ, თქვენ კი გაითვალისწინებთ და ამით საკუთარ თავსაც და ოჯახის წევრებსაც ხიფათისა და უბედურებისგან იხსნით. ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია შ.

- ნათქვამია, დილა საღამოზე ბრძენიაო და შესაბამისად, საჭიროა იცოდეთ, რის გაკეთება არ შეიძლება შეღამებამდე, რათა საკუთარი საქციელით სახლსა და ოჯახს საფრთხე არ შეუქმნათ. ღამე ყოველთვის იდუმალ და საშიშ დროდ მიიჩნეოდა. ყველა მისტიკური მოვლენა ღამით ხდება, როცა ბოროტი სულები თავისუფლად დანავარდობენ ცოცხალ ადამიანებს შორის და მათ სხვადასხვა საშინელებას უწყობენ. ამიტომაც არსებობს მრავალი მინიშნება და ცრურწმენა, რომელიც გვასწავლის, რა არ უნდა გავაკეთოთ მზის ჩასვლის შემდეგ. თანამედროვე სამყაროში ეს გამოცდილება თანდათან იკარგება და ბევრი მათგანი მხოლოდ ღიმილსღა იწვევს. თუმცა არსებობს ისეთი მინიშნებებიც, ყველაზე ცნობილ სკეპტიკოსსაც კი, რომ ეხმარება, თავიდან აიცილოს საფრთხეები, პრობლემები ფულთან, ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.

- რომელ მინიშნებებსა და ცრურწმენებს გულისხმობთ?

- თუნდაც ის, რომ ღამით სარკეში არ უნდა ჩაიხედოთ, რათა თქვენ გვერდით მოულოდნელი სტუმრის ანარეკლი არ დალანდოთ სარკის იქითა სამყაროდან და ამით საკუთარ სახლი უბედურებაში არ გახვიოთ. თუ ღამით სახლში რაიმე დაზიანდა, დაიშალა - სამწუხარო ამბის მაუწყებელია. არ გაიტანოთ ნაგავი სახლიდან შებინდებულზე, თორემ თან იღბალსა და კეთილდღეობასაც გააყოლებთ; გაღებული კარიდან კი ბოროტ სულებს ეძლევათ საშუალება, თქვენამდე შემოაღწიონ, რაც უთანხმოებას, პრობლემებს, ჩხუბსა და დაავადებებს შემოიტანს სახლში. შეღამებისას არც ფული გაასესხოთ და არც ვალი გადაიხდით, თორემ გაფულიანების საკუთარ იღბალს მას გადასცემთ, ვისგანაც თანხას სესხულობთ ან ვალს უბრუნებთ. საღამოს ნურც ფულს დათვლით, თორემ ფინანსური სირთულეები შეგექმნებათ და უამრავი დავალიანება დაგიგროვდებათ. ზოგადად, უმჯობესია, ყველა ფულადი ტრანზაქცია ლანჩამდე განახორციელოთ, ასე თანხა მხოლოდ გაიზრდება თქვენს საფულეში. მაგრამ, თუ მაინცდამაინც აუცილებელია საღამოს ვალის გასტუმრება ან სესხის აღება, მაშინ ნუ გადასცემთ ფულს ხელიდან ხელში. უმჯობესია, თანხა მაგიდაზე ან იატაკზე დადოთ. ამ გზით ბოროტ სულებს აჯობებთ და სიმდიდრეს შეინარჩუნებთ. მაგრამ, ღამით მაგიდაზე ფულს ნუ დატოვებთ, გაღარიბდებით. ღამით არც დაფიცება შეიძლება - ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნებათ და არც გინებაა მიზანშეწონილი - საქმის ასეთი გარჩევითა და დაქადნებით, უარყოფით ენერგიასა და ბოროტ სულებს მიიზიდავთ, რაც რამდენიმეწლიანი უბედურება და წარუმატებლობაა მთელი ოჯახისთვის. შემთხვევითი სატელეფონო ზარი ღამით, ნიშნავს, რომ სამთავრობო ან სასამართლო პრობლემები გელით, ხოლო თუ ღამით სახლში ელექტროტექნიკა - ტელევიზორი, რადიო, ნათურა თავისით ჩაირთო, ესე იგი, სახლს მოჩვენება ეწვია.

- რაც შეეხება საოჯახო საქმეებს, რის გაკეთება არ არის სასურველი ღამით?

- მაგალითად, არ დატოვოთ სარეცხი ღამით გარეთ გასაშრობად - მოშურნეები მას ჯადოს გასაკეთებლად გამოიყენებენ. არ შეიძლება ღამით ნივთების იატაკზე დაყრა. ამ დროს ისინი უარყოფითი ენერგიითაა გაჯერებული, რამაც შეიძლება ავადმყოფობა, ჩხუბი და სკანდალები გამოიწვიოს. ქალი, რომელიც დაბნელების შემდეგ დაიწყებს რეცხვას - სილამაზეს დაკარგავს, კერვის შემთხვევაში - პრობლემებსა და წარუმატებლობებს „მიიკერებს“, ქსოვით კი - ეშმაკებს „გაახალისებს“. ნურც იატაკის დაგვა-დასუფთავებით შეიწუხებთ თავს ღამით - ამ გზით შეიძლება სახლიდან ფინანსური კეთილდღეობაც გადარეცხოთ და წაშალოთ. არ გაწმინდოთ ფანჯრები მზის ჩასვლის შემდეგ, რათა ბოროტი სულები არ შემოიპარონ და სახლი წარუმატებლობებით არ აავსონ. თუ ღამით დანებს მაგიდაზე დატოვებთ, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ავად გახდება, ან მათ შორის ჩხუბი და კონფლიქტი გაჩაღდება. არც ჭუჭყიანი ჭურჭელის დატოვება და მათი გარეცხვა შეიძლება ღამით, თორემ სიღარიბეს, ავადმყოფობასა და ღალატს შეიტანთ სახლში. მზის ჩასვლის შემდეგ მარილსა და პურსაც ნურავის ასესხებთ - კეთილდღეობასა და შემოსავალს დაკარგავთ, სიღარიბესა და გაჭირვებას კი მიიზიდავთ. ღამით ფანჯრები არ დაგრჩეთ დაუფარავი. დახურული ფანჯრები და ფარდები სახლს ავი სულისა და ბოროტი თვალისგან იცავს. ფარდით დაფარული ფანჯარა ბარიერია თქვენს სიმშვიდესა და უარყოფით ენერგიებს შორის.

- როგორ მოვიქცეთ პირად ჰიგიენასთან დაკავშირებით?

- არ შეიძლება თმის შეჭრა, გაპარსვა და ფრჩხილების დაჭრა ღამით, თორემ დაკარგავთ ძალას, ჯანმრთელობას და უფრო დაუცველი გახდებით ბოროტი თვალისა და ჯადოს წინაშე. ნურც იბანავებთ დაბნელებისას - წყალსაცავებთან დაბუდებულმა ბოროტმა სულებმა, იგრძნობენ რა ცოცხალ ენერგიას, შეიძლება ზიანი მოგაყენონ. არც აბანოში დაბანაა სასურველი ამ დროს, თორემ პატარა მოხუც გრძელწვერა „აბანოს სულს“ გააბრაზებთ, რომელსაც შეუძლია მობანავე სიკვდილამდეც კი მიიყვანოს: ორთქლით დაწვას, მდუღარე წყალი გადაასხას ან მხუთავი აირით მოწამლოს. ღამის სამი საათი „ჯადოქრებისაა” და შესაბამისად, ამ დროს თუ აუზში ან აბაზანაში იბანავებთ, შეიძლება ბედიც კი ჩამოირეცხოთ. ნურც დაპირდებას გასცემთ მზის ჩასვლის შემდეგ, თორემ მიცემულ სიტყვას ვერ შეასრულებთ. თუ ღამით თქვენ სიახლოვეს ძაღლი ყეფს, კატა კნავის, ქათმები კრიახებენ, მამალი ყივის ან ობობას შეამჩნევთ, ელოდეთ უბედურებას. ასე რომ, როცა დაბნელდება, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დაძინებაა. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობაც, სილამაზეც, სიცოცხლისუნარიანობა და ფულიც კი.

წყარო: თბილისელები


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა