"და მაინც საყდრის კარი გაიღო, და კაცმა თავი მსხვერპლად გაიღო" - რატი ამაღლობელის ლექსი თამაზ გინტურზე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური სამი დღის წინ დაკრძალეს.
რატი ამაღლობელმა ამ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას სოციალურ ქსელში ლექსი წარუდგინა
საყდრის კარები
(თამაზ გინტურს)
მზე გადასული იყო ნახევრად,
შინ ბრუნდებოდა ტყიდან ნახირი.
ჩნდებოდა წითლად გზა-გზა ლაქები,
დიოდა ძროხა ზანზალაკებით.
ცოტა ხნით ადრე სოფლად მოისმა
მეხის გავარდნა, ანუ სროლის ხმა.
სოფელს, აჭედილ საყდრის ეზოდან -
კაცის სიკვდილის ხმები ესმოდა.
ქალი დაქვრივდა, შვილი დაობლდა,
ოღონდ მანამდე სასაფლაოდან
საყდრის ეზოსკენ ბილიკს აუყვა,
საყდარს დახშული კარი გაუღო.
მერე გაისმა ხმები საზარი,
ისროდა ტაძრის გადამრაზავი.
ისროდა მთელი ბნელი რუსეთი,
ხელში შოლტით და ჯვარცმის ლურსმნებით.
და მაინც საყდრის კარი გაიღო,
და კაცმა თავი მსხვერპლად გაიღო.
კაცი ვეება ძალას შეება,
გახსნა დახშული ცათა ბჭეები.
გულები გახსნა და შიგ სათბურად
დაისადგურა.