თეგებით ძიება

"დღესაც ისე ვიცვამ, როგორც ახალგაზრდობაში, სტილს არ ვცვლი, მდიდრულ კაბებს არასოდეს ვიცვამ“ - რას ჰყვება კირა ანდრონიკაშვილი?

15 ნოემბერს სოციალური ქსელები მსახიობ კირა ანდრონიკაშვილის მომხივლელი ფოტოებით აჭრელდა, რომლებიც მისმა შვილიშვილმა, ტელესახე ლიკა ევგენიძემ გამოაქვეყნა. დღეს ქალბატონი კირა 78 წლის გახდა.

კირა ანდრონიკაშვილი ,,სარკესთან” ამბობს, რომ ქალის სილამაზის მთავარი ფაქტორი მის შინაგან სიმშვიდესა და სიკეთეშია და ამის გარეშე მზეთუნახავიც კი მისთვის ყინულის დედოფალს ემსგავსება. კარგად ახსოვს, მისი მამიდა _ ქართველი კინოვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე _ როგორ ნუსხავდა ადამიანებს. ის თავისი ბუნებრივი სილამაზით, სისადავით ატყვევებდა ყველას.

ქალბატონ კირასაც სისადავე უყვარს, მაკიაჟშიც და ჩაცმულობაშიც. მისი სახის კანი დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. ამას კი გენეტიკასთან ერთად სახის ერთ ნიღაბს უმადლის, რომელიც ძველი თაობის კოსმეტოლოგისგან ისწავლა. დედისგან, ეკატერინე ჯორჯაძისგანაც, ბევრი რჩევა ახსოვს, რასაც ახლა შთამომავლებს უზიარებს.

_ქალბატონო კირა, ამბობენ, რომ ლამაზ ქალს თავის მოვლა დიდად არ სჭირდება. თქვენი აზრით, ასეა?

_ ვთვლი, რომ ყველა ქალმა უნდა მოუაროს და მიხედოს თავს. სულაც არ არის საამაყო, როცა ადამიანი ამბობს, არაფერს ვაკეთებ, კრემს არ ვისვამ, პირი დავიბანე და ისე გამოვედი სახლიდანო. გარდა იმისა, რომ თავს უნდა მოვუაროთ, შინაგან მდგომარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს შინაგანი ტაქტიც, როგორ უნდა გამოხვიდე გარეთ, როგორ უნდა შეხვდე სტუმარს.

ახლა, რადგან ქალბატონები ძალიან დაკავებულები არიან, წვეულებებს რესტორანში მართავენ. ადრე სახლში ვიღებდით სტუმრებს, მიუხედავად იმისა, დაღლილები ვიყავით თუ არა. ხშირად მქონია შემთხვევა, როცა სტუმრებს ველოდებოდი, დაღლილობისგან ფეხზე ვერ ვიდექი. ასეთ დროს, ყველაფერი გამზადებული რომ მქონდა, კრემს გადავისვამდი, ათი წუთი წამოვწვებოდი, ხელ-ფეხს დავასვენებდი, ლამაზად ჩავიცვამდი და ისე დავხვდებოდი სტუმარს.

ისე არ იყო ჩემი ცხოვრება აწყობილი, რომ ვინმე დამხმარებოდა. ყოველთვის მარტო ვაკეთებდი ყველაფერს. ზოგჯერ 80-კაციან სუფრასაც მარტო ვშლიდი. შინაგანი მოწესრიგებულობა გარეგნულადაც ეტყობა ადამიანს. არ შეიძლება, სტუმარი გაჩეჩილი თმით მიიღო. ზოგი ამბობს, თავის მოვლისთვის დრო არ მრჩებაო. ჩემი შვილიშვილი, ვასიკო, 3 წლის იყო, რომ მითხრა, ჩქარა, გალამაზდი, მოწესრიგდი და დალაგება დაიწყეო. ანუ თუ ვარ ხალათით და მოუწესრიგებელი, საქმესაც ვერ გავაკეთებ.

შენგან თუ სითბო, დადებითი მუხტი და ხალისი არ მოდის, მარტო ცუდზე ლაპარაკობ, ეს შენს სახესაც დაეტყობა. მინახავს ულამაზესი ადამიანი, რომლისგანაც კეთილგანწყობა და სითბო არ მოდიოდა და ის უბრალოდ ყინულის დედოფალს ჰგავდა. ასეთ ქალს ნაკლებად ლამაზმა, მაგრამ კეთილი ბუნებისამ შეიძლება აჯობოს.

_ ნათქვამია, ლამაზ ქალს ჩითის კაბაც ამშვენებსო. თქვენ თუ ეთანხმებით ამას?

_ სამოსს და გემოვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩითის კაბებზე ვგიჟდებოდი. ლურჯი და წითელი ჩითის კაბები მქონდა. ამ კაბებს სოფიკო ჭიაურელის შეკერილი საყელოები და მანჟეტები ამშვენებდა. ზოგჯერ მეტყვიან, შენ რაც უნდა ჩაიცვა, ყველაფერი გიხდებაო. უნდა შეარჩიო, რას იცვამ. მე დღესაც ისე ვიცვამ, როგორც ახალგაზრდობაში, სტილს არ ვცვლი. მდიდრულ კაბებს არასოდეს ვიცვამ.

ყურადღებას სამოსით არ უნდა იქცევდე. ყველას თავისი სტილი აქვს. ზოგი ისე გამომწვევად იცვამს, რომ თავის გარეგნობას აფუჭებს. მე, თუ გინდათ, სამოსში დავიკარგო და საერთოდ აღარ გამოვჩნდე, ძალიან მდიდრული კაბა უნდა ჩამაცვათ. მოდის აყოლასაც ვერ ვიტან. იქნებ ის, რაც მოდაშია, არ მიხდება, რატომ უნდა ჩავიცვათ ყველამ ერთნაირად?! არ მომწონს, დღეს გოგონების უმრავლესობა ერთმანეთს რომ ჰგავს, ერთნაირად მეტყველებენ… ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალობა უნდა ჰქონდეს.

_ უფროსი თაობისგან კიდევ რა რეცეპტი იცით თავის მოვლასთან დაკავშირებით?

_ მე მაქვს თმის მოვლის რეცეპტი. პატარა, ღვინის ჭიქა აბუსალათინის ან ზეითუნის ზეთს ორ კვერცხის გულთან ავთქვეფთ და თუ რამე ვიტამინი გვაქვს სახლში, ჩავაყრით. ეს ნიღაბი დაბანილ თმაზე უნდა დავიდოთ და ერთ საათში ჩამოვიბანოთ. ძალიან კარგია, თუ ამას არაჟანს დავამატებთ. ნიღბის ჩამობანის შემდეგ ჩვეულებრივი შამპუნი გამოიყენეთ. კარგია, ამას ათ დღეში ერთხელ თუ გავაკეთებთ.

ახალგაზრდა რომ ვიყავი და ბიჭვინთიდან, ზღვიდან ვბრუნდებოდი, თმა გამომშრალი მქონდა, ამ ნიღბით ვიცოცხლებდი ხოლმე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობ ისეთ საშუალებებზე, რასაც სხვადასხვა ბრენდი გვთავაზობს, თუმცა ზოგიერთ ბრენდს ვერ ვიხდენ.

_ ძალიან მსუბუქი მაკიაჟი გაქვთ ხოლმე. თითქმის არ გეტყობათ. ეს თქვენი სტილია?

_ დიახ, სხვანაირად არ მიხდება. თუ ტელევიზიაში ვარ გადაღებაზე, ყველას ვეუბნები, რომ თვალები ძალიან არ შემიღებონ. მაკიაჟი ისე უნდა წაისვა, რომ სხვას არ მოხვდეს თვალში. ძალიან მიყვარს წამწამების შეღებვა. სკოლა რომ დავამთავრე, პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ ტუში გამოვიყენე. იმ პერიოდში მხოლოდ პირს ვიბანდი და ტუშს ვისვამდი.

_ თქვენი კარგი კანის საიდუმლო რა არის?

_ რა თქმა უნდა, გენეტიკის და ასევე მაწვნის ნიღბის. მისი რეცეპტი ასეთია: მაწონში უნდა ავურიოთ ცოტა შვრია, ყავა, თაფლი და ცოტა გახეხილი ვაშლი ან სხვა ხილი, თუნდაც ერთი ცალი მარწყვი. ამ ნიღაბს ხშირად ვიდებ და ძალიან კარგი ეფექტი აქვს.

_ სარკე თქვენი მეგობარია?

_როცა ასაკი გემატება, ალბათ უფრო ნაკლებად უნდა ემეგობრო მას. მთელი დღე სარკესთან როგორ ვიჯდები, მაგრამ დილით ვიხედები და თმას ვივარცხნი. თმის ვარცხნის მანია მაქვს. საღამოს დაუვარცხნელმა რომ დავიძინო, გამეღვიძება, დავივარცხნი და ისე დავიძინებ. თმაც ხომ სუნთქავს. როცა კარგ ხასიათზე ვართ, თმაც ბზინავს და კარგად დგება.

_ როგორი გახსოვთ მამიდა, ნატო ვაჩნაძე?

_ 9 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა. მახსოვს, სულ შრომობდა. იყო საოცარი მეგობარი, მეზობელი, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არასდროს ლაპარაკობდა თავის სილამაზეზე. როცა მუსიკაზე მივყავდი, ხალხი ქუჩაში ეგებებოდა. ფუფუნებაში არ ცხოვრობდა და ეს მაგალითი იყო. ნატა ძალიან გემრიელ ღვეზელებს აცხობდა. ერთხელ ავად ვიყავი და თავისთან წამიყვანა, რომ ჩემთვის მოევლო. დილით, რომ ვიღვიძებდი, ფორთოხლის წვენში არეულ კვერცხის ნაჭუჭს მასმევდა…

წყარო - sarkenews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა