ივანიშვილის და მისი რეჟიმის მოშორება ნიშნავს მომავალს მონობის გარეშე - შალვა ნათელაშვილი
საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარია და რეიტინგით ვდგავართ ვანუატუსა და მობუტუსთან ერთად - შალვა ნათელაშვილი დეპუტატებისთვის ხელფასების მომატებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, "ლეიბორისტული პარტიის" ინიციატივით, ხელფასი საქართველოში იქნება საათობრივი და თვეში 2000 ლარის ფარგლებში იმერყევებს.
ნათელაშვილი ქვეყანაში ახალგაზრდების მონურ შრომაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი ივანიშვილი და მისი რეჟიმია, სწორედ ამიტომ, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს შრომითი მონობის დასამარება ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასამარებით წარმოუდგენია.
"პარლამენტმა დეპუტატის ხელფასი გაზარდა 10 ათას ლარამდე, ეს მაშინ, როცა საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარია და რეიტინგით ვდგავართ ვანუატუსა და მობუტუსთან ერთად. ეს არის კატასტროფა, რომელიც გამოიწვია ოლიგარქიულმა რეჟიმმა. ამ რეჟიმის შეცვლისთანავე ჩვენ დავაწესებთ საათობრივ ანაზღაურებას, საათში 10 ლარის ოდენობით, რაც იქნება თვეში 2000 ლარი და აღნიშნული პრინციპი გავრცელდება ყველა მუშა-მოსამსახურეზე. საქართველოში არა მარტო პრობლემაა სამსახურის შოვნა, არამედ სამსახურის შემდეგ მონად ყოფნაა განსაკუთრებით მტკივნეული და დამანგრეველი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომლებიც მუშაობენ სავაჭრო ქსელებში, მშენებლობებზე, ჯანმრთელობის გამანადგურებელ არანორმირებულ რეჟიმებზე და იღებენ 500-600 ლარს, რაც არ ჰყოფნით არაფერში. ეს ყველაფერი თანამედროვე ტიპის მონობაა, რომლის ავტორი და მამამთავარი გახლავთ მილიარდერი, ქართველი ხალხის ვაიბით გამდიდრებული ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. მისი მოშორება ნიშნავს, იმ, 20 ლარიანი ხელფასის სამუდამოდ ისტორიაში დამარხვას და ახალ მომავალს ჩვენი ხალხისათვის. მომავალს, შრომითი მონობის გარეშე". - ამბობს ნათელაშვილი.