სირცხვილია, რომ ქალი ასეთ სიტყვებს კადრულობთ, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს დაგიორგანიზებთ - რატი ბრეგაძე თინა ბოკუჩავას
ქალბატონო თინა, მე თქვენთვის ერთი შეურაცხყოფაც არ მომიყენებია და ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს უზრდელობას. სირცხვილია, რომ ქალი ასეთ სიტყვებს კადრულობთ - დაგიორგანიზებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს, - ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას.
მისივე თქმით, ცუდია, რომ ოპოზიციონერები კონსტრუქციულად საუბარს ვერ მიეჩვივნენ და უზრდელურ ეპითეტებს იყენებენ.
„ამდენი შეურაცხმყოფელი სიტყვა ასე როგორ მოახერხეთ?! მე თქვენთვის ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვაც არ მითქვამს, თუმცა თქვენ ახლა ჩვეულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, თავი გამოიჩინეთ ისევ და ისევ ამ შეურაცხყოფებით. პრემიერთან დაკავშირებითაც გქონდათ გარკვეული კითხვა და ყველას მიმართ შეურაცხყოფასთან დაკავშირებითაც გეტყვით პირდაპირ - ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც, ქალბატონო თინა, დაასრულა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რაც თქვენს ხელისუფლებას ჰქონდა. ასევე ამაყი ვარ, რომ ვარ იმ პოლიტიკურ გუნდში, რომლის ფარგლებშიც ვიზალიბერალიზაცია მოხდა. ასევე, ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც მისი მოქმედებების შედეგად, ევროკომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირის საბჭოს წინაშე რეკომენდაცია გაეწია, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამით ნამდვილად ამაყი ვარ. ვიცი, რომ თქვენ ეს არ გსიამოვნებთ და მზად ხართ, შეურაცხყოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ გზაზე ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა მე ამით ნამდვილად ამაყი ვარ.
ქალბატონო თინა, თქვენი გამონათქვამი ახლა რასაც ამბობთ, არის უზრდელობა, პირდაპირ გეუბნებით და სირცხვილია, რომ ქალი ესეთ სიტყვებს კადრულობთ. ახლა მე არ შემოგყვებით ამაში, არ მინდა შემოგყვეთ ამ საუბარში, ეს არის უზრდელობა. იმედია, მედია აფიქსირებს თქვენს გამუდმებულ შეძახილებს - „მონა, მონა“. თქვენ სხვა არაფერი შეგიძლიათ ქალბატონო თინა, გეტყობათ. მე თქვენთვის ერთი შეურაცხყოფაც არ მომიყენებია, ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს უზრდელობას. დაასრულეთ, პარალელურ რეჟიმში ნუ საუბრობთ, ვერ გადაფარავთ, მიჩვეული ხართ ნასწავლი გაქვთ. გაჩუმდით.
ცუდია, რომ ეს ადამიანები ვერ მიეჩვივნენ კონსტრუქციულად საუბარს და იყენებენ უზრდელურ ეპითეტებს. დაგიორგანიზებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს და თქვენ [ხაჯიშვილს] გაჩუქებთ წამზომს, რათა ტყუილებით არ ისაუბროთ. დაუკვირდით სიტყვებს, ჩემი მოწოდება იქნება. ქალბატონო თინა, ძალიან მაგარი ხართ, ყოჩაღ. სირცხვილია, ელემენტარულად ქალის ლექსიკაში არ ჯდება ის სიტყვები, რასაც საუბრობთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, მანამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თინა ბოკუჩავამ მინისტრს ასე მიმართა: „თქვენ და თქვენი მთავრობის სტანდარტითაც ყველაზე სამარცხვინო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს სიმულანტად მოიხსენიებდით და ყოვლად ამორალურ განცხადებებს აკეთებდით მისი ჯანმრთელობის შესახებ".
"ბოლო რამდენიმე დღეა სხვა გზავნილის გაჟღერება დაგავალეს და ამასაც ჩვეული მონური მორჩილებით ასრულებთ. ახლა ირწმუნებით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესებულია და მისი რუსთავის ციხეში გადაყვანით იმუქრებით. თქვენი უსაგნო და უგვანო მუქარის არავის ეშინია, ბატონო რატი, მაგრამ ერთ კითხვა ნამდვილად მაქვს - თუ წარსულში ადამიანი სიმულანტობდა და სინამდვილეში თავს ყოველთვის გადასარევად გრძნობდა ახლა რა გაუმჯობესებაზე გველაპარაკებით? ტყუოდით წარსულში და ტყუით ახლაც და ასეთ მატყუარად დაგიმახსოვრებთ ქართველი ხალხი,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.