ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი - პრეზიდენტი რატი ბრეგაძესა და თინა ბოკუჩავას დაპირისპირებაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომლის დროსაც ბრეგაძემ ბოკუჩავას მისამართით თქვა: „დაგიორგანიზებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს... ქალის ლექსიკაში არ ჯდება ის სიტყვები, რასაც ამბობთ“.
პრეზიდენტი წერს, რომ ეს არის „მორიგი უმსგავსობა“, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით.
„საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე.
სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ - მორიგი უმსგავსობა.
კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.