აითაჯის დედამ ციხეში თვითმკვლელობა სცადა
აითაჯის დედამ ციხეში თვითმკვლელობა სცადა – მისი ადვოკატის თქმით, ქალმა ციხეში დენის წყაროზე სცადა მიერთება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთის გადასინჯვის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ქალი პატიმრობაში დატოვა.
თავად მოკლული 14 წლის გოგოს დედა სასამართლოს დისტანციურად ერთვებოდა.
დაცვის მხარემ გირაოს სახით 50 ათასი ლარის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებული დედა ციხეში დატოვა.
2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 27 წლის ალიმ სადიკოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით მოკლა 14 წლის აითაჯ შახმიროვა, რომელიც ბრალდებულთან იძულებით ქორწინებაში 2023 წლის ივნისიდან იმყოფებოდა.
აითაჯ შახმიროვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკვლელობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე 2023 წლის 6 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება და მალევე მიმალვაში მყოფი ალიმ სადიკოვი დააკავეს. აგრეთვე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მისი ბიძა და ბიძაშვილი.
ამასთან ერთად, აითაჯ შახმიროვას იძულებით ქორწინებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ასევე 2023 წლის 6 ოქტომბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში დააკავეს მოკლული ბავშვის დედა და ბიძა.