3 მილიონი ჰექტარი მიწიდან 1 მლნ. დაურეგისტრირებელია. ანუ, ქვეყანაში მიწების 1/3-ზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ არის მისი მესაკუთრე - რატი ბრეგაძე
3 მილიონი ჰექტარი მიწიდან 1 მლნ. დაურეგისტრირებელია. ანუ, ქვეყანაში მიწების 1/3-ზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ არის მისი მესაკუთრე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს და რეგისტრაციას ექვემდებარება დაახლოებით, 3მლნ. ჰექტარი მიწის ფართობი.
„აქ არ იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიები და სატყეო ფონდი. ამ 3 მილიონი ჰექტრიდან 1 მლნ. დაურეგისტრირებელია. ანუ, ქვეყანაში მიწების 1/3-ზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ არის მისი მესაკუთრე: არის ეს ფიზიკური პირი, სახელმწიფო, თუ მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, ამ მრავალწლიანი პრობლემის აღმოსაფხვრელად დავიწყეთ ეს პროექტი, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე მუშაობენ მათი თანამშრომლები.
„ისინი სრულიად უსასყიდლოდ აზომავენ მოსახლეობისთვის მათ მიწის ნაკვეთებს და შემდგომში ხდება ამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
მისივე განმარტებით, მიმდინარე რეგისტრაციის პროცესმა წარმოაჩინა, რომ ძალიან ბევრი სადავო მიწის ნაკვეთია. მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტი 2024 წელს დასრულდება. ამჟამად კი მიწის სისტემური რეგისტრაცია თბილისშიც დაიწყეს.