„ქართული ოცნება“ პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5%-იანი ბარიერის შეცვლას - ხათუნა სამნიძე
„ქართული ოცნება“ პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5%-იანი ბარიერის შეცვლას - გაერთიანებების შექმნა იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებები არჩევნებთან და ბარიერთან დაკავშირებით, შიშს აჩვენებს.
„ქართულმა ოცნებამ" მკაფიოდ გააკეთა დაპირება და გარდა ამისა, ერთი მოსმენით მიღებული გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს. ეს ის საკითხია, რაზეც შეთანხმებული იყო ოპოზიცია და "ქართული ოცნება", მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5 პროცენტიანი ბარიერის შეცვლას. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა გადახედოს საკუთარ სტრატეგიას, გაერთიანებების შექმნა იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს.
კობახიძე საკუთარ შიშებს ასაჯაროებს, მათ ეშინიათ, როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" და ამის გამო, ქვეყანას უქმნიან პრობლემას, ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, რადგან მოქალაქეების დაკვეთა არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომ ამ ქვეყანაში იყოს ევროპული მმართველობა და ამის წინააღმდეგ მიდიან", - განაცხადა სამნიძემ.