თეგებით ძიება

„ლელო“ პარლამენტში განსახილველად შეიტანს „საქართველოს დაცვის აქტს“, 9-პუნქტიან გეგმას - მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ პარლამენტში განსახილველად „საქართველოს დაცვის აქტი“, 9-პუნქტიანი გეგმა შეაქვს, რომელიც რუსების შემოსვლას საქართველოში ზღუდავს და საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დროა დასრულდეს პრორუსული ხელისუფლების მმართველობა ქვეყანაში და მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება.

„დღეს საქართველოში კრიზისია. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, რადგან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მაღალი ფასების გამო ვეღარ ინახავენ საკუთარ ოჯახებს, ვერ შოულობენ სამუშაო ადგილებს და ამის გამო ტოვებენ ქვეყანას. მაგრამ უმთავრესად ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, რადგან საქართველოს ხელისუფლება კომფორტს უქმნის ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს და ემსახურება რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს საქართველოს და ქართველ ხალხს. „ქართული ოცნების“ მთავრობა მუდმივად წინ აყენებს რუსეთს. სწორედ საქართველოს მთავრობამ დასვა პარლამენტის სპიკერის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. სწორედ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა გაეტანა „რუსული კანონი“, რომ ჩვენი ხალხი დაედუმებინა. მათ გააუქმეს სავიზო რეჟიმი და აღადგინეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან, რითაც ხელი შეუწყვეს რუსების შემოსევას საქართველოში.

რუსები დღეს თავისუფლად ყიდულობენ ჩვენს მიწას, იტაცებენ სამუშაო ადგილებს, ავითარებენ რუსულ ბიზნესებს, ხელს უწყობენ ფასების ზრდას. „ქართული ოცნება“ აკეთებს ფულს მოსკოვში, იღებს რჩევებს პუტინისგან და ემსახურება რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ მოემსახუროს ქართველ ხალხს. „ლელოში“ ჩვენ გვჯერა, რომ დროა მოვიდეს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს და მისი ხალხის მსახურება. დღეს „ლელო“ აცხადებს ცხრაპუნქტიან გეგმას, რათა წამოიწყოს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნების პროცესი - საქართველოში რუსეთისა და რუსების გავლენის დასრულების მიზნით, იმისათვის, რომ საქართველოს ხალხის ხმა და საჭიროებები იქნას გაგონილი.

ხვალ „ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს „საქართველოს დაცვის აქტს“, ცხრაპუნქტიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა