დაზარალებულს, დედის თვალწინ, გულმკერდის არეში მიაყენა დაზიანებები - დაკავებულს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებულს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დედის თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღით გულმკერდის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაზარალებული მიყენებული ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.