თეგებით ძიება
20. 11. 2023 სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალს გამოტოვებს

ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის ბოლოს მსაჯთან საუბრის გამო გაფრთხილება მიიღო. უკვე დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე ეს "კვარას" მესამე ყვითელი ბარათი იყო, რაც უეფას წესების თანახმად, შემდეგი თამაშის გამოტოვებას ნიშნავს. ხვიჩა "ერთა ლიგიდან" მიღებულ ნახევარფინალს გამოტოვებს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო სამი საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.

21 და 26 მარტს, გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს, თბილისში, ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრებს, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას „დინამო არენის“ ტრიბუნებიდან ამხნევებს ხოლმე.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჰქვია“, – აცხადებს მუჯირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა