"2024 წლის 1-ელ იანვრამდე ლიცენზიის გარეშე აშენებულ სახლებს მეპატრონეებს დაუკანონებენ" - რატი ბრეგაძე
უსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგომ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა, ამნისტია გავრცელდება და მოქალაქეებს საკუთრების დაკანონების შესაძლებლობა ექნებათ.
ბრეგაძის თქმით, საკუთრების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს ორი მეზობლის თანხმობა დასჭირდებათ იმაზე, რომ საცხოვრებელი სახლი აშენებულია 2024 წლის 1 იანვრამდე.
"არჩევნები ტარდება დაახლოებით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ხან ადგილობრივი თვითმმართველობის, ხან უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსი. თუ გავყვებით მაგ ლოგიკას, არცერთი გადაწყვეტილება აღარ უნდა იყოს მიღებული, რომ არავინ ჩათვალოს რომ ეს არის გამიზნული შემდეგი არჩევნებისთვის. ეს არის სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
რაც შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს, მათ შორის იქნებიან ისეთი ადამიანებიც ხმას აძლევენ არა ქართულ ოცნებას, არამედ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას, ასე რომ თანაბრად შეეხება ეს სიკეთე. ჩვენ ვალდებული ვართ, როდესაც ვართ ხელისუფლებაში, ვიზრუნოთ არამხოლოდ ჩვენი პარტიის ამომრჩეველზე, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანზე, სწორედ აქედან გამომდინარეა ეს გადაწყვეტილება მიღებული.
არავითარ შემთხვევაში არ ვახალისებთ უკანონობას. ეს პრობლემა არ წარმოშობილა დღეს, გუშინ და არც 10 წლის წინ. ეს არის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან არსებული პრობლემატიკა, მათ შორის დამოუკიდებლობამდე არსებული პრობლემებიც არის აქ. საბჭოთა პერიოდშიც განხორციელდა ამნისტია, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე და დღესაც ჩვენ გვაქვს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით რეგიონებში უამრავი ინდივიდუალური სახლი, რომელზეც სამშენებლო დოკუმენტაცია არ მოიპოვება, შესაბამისად მისი რეგისტრაცია რეესტრში არ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას.
ამით ხელი შეეწყობა მათ შორის ეკონომიკურ ბრუნვას, რადგან მაგალითად, დღეს ჩვენ ვუთითებთ ამონაწერში, რომ პირობითად მოქალაქეს აქვს მიწის ნაკვეთი და მასზე არის განთავსებული შენობა-ნაგებობა სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შენობაზე არ აქვს საკუთრების უფლება. ჩვენ ვამბობთ შემდეგს, რომ გვინდა ხელი შევუწყოთ ამ ადამიანების საკუთრების უფლებას, ასევე ეკონომიკურ ბრუნვას და შევზღუდოთ მომავალში უკანონო მშენებლობები და ვამბობთ, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ეს პრობლემა განულდება, როცა ადამიანი მოვა და ვნახავთ რომ მას არ აქვს შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია და აშენებულია სახლი 2024 წლის შემდეგ, არ დავურეგისტრირებთ და აღარ ავსახავთ ამონაწერში და მივაწვდით ინფორმაციას მუნიციპალიტეტს, ამის შემდეგ თუ განხორციელდება დემონტაჟი არავის არ უნდა გაუკვირდეს" - ამბობს ბრეგაძე