თეგებით ძიება

ევროკომისიის ცხრავე დათქმა თანაბრად მნიშვნელოვანია, გვინდა ვნახოთ პროგრესი ყველა მიმართულებით - ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 დათქმაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 9-ვე მათგანი მნიშვნელოვანია. ჰერჩინსკის თქმით, იმისთვის, რომ საქართველო მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, ყველა ნაბიჯი უნდა შეასრულოს. 

მისივე თქმით, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც პროცესში თავისი როლი აქვს.

"8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა პოზიტიური რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიის ეს რეკომენდაცია განხილული იქნება ევროპის 27 სახელმწიფოს ლიდერების მიერ 14-15 დეკემბერს. მე იმედი მაქვს, წევრი ქვეყნები  გაითვალისწინებენ ევროკომისიის რჩევას და მიიღებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიამ პოზიტიურ რეკომენდაციასთან ერთად განსაზღვრა 9 ნაბიჯი. ამ 9 ნაბიჯიდან ზოგიერთი უკვე ძალიან ცნობილია, რადგან ისინი 12 რეკომენდაციას შორის იყო და განხორციელების პროცესშია. ზოგი კი ახალია. მაგალითად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საინფორმაციო მანიპულაციასთან ბრძოლა, ასევე, მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. საარჩევნო პროცესი უნდა იყოს იმდენად სამართლიანი და თავისუფალი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

თუ თქვენ მეკითხებით რომელი ნაბიჯია ყველაზე მნიშვნელოვანი? - ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია და ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ პროგრესი ყველა მიმართულებით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ 9 ნაბიჯის შესრულება დაიწყება იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ ყველა თავის როლს ასრულებს - ხელისუფლება არის ინკლუზიური, ოპოზიცია კონსტრუქციული. იმისთვის, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად გადადგას შემდეგი ნაბიჯები გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, რათა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია," - ამბობს ჰერჩინსკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა