"ორსულობის მე-5 თვეს დაბადებული 500-გრამიანი ახალშობილი სრულიად ჯანმრთელი გაეწერა კლინიკიდან“ - უნიკალური შემთხვევა ბათუმში (ვიდეო)
ბათუმში ორსულობის მე-5 თვეზე დაბადებული ბავშვი, რომელიც 500 გრამს იწონიდა, კლინიკიდან სრულიად ჯანმრთელი გაწერეს.
ინფორმაციას კლინიკა „მედინა“ ავრცელებს.
„ფაქტი, რომ ორსულობის მეხუთე თვეს დაბადებული 500-გრამიანი ახალშობილი დღეს კლინიკიდან 2 კილოზე მეტი, სრულიად ჯანმრთელი ეწერება, არის არა მხოლოდ „მედინას“, არამედ მთელი აჭარის სიამაყე. უღრმესი მადლობა პერინატოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ ჯუმბერ უნგიაძეს და ბავშვთა მიმართულების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნატო გორგაძეს თავის გუნდთან ერთად, მათ მართლაც შეუძლებელი შეძლეს", - განაცხადა ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირის ბორჩაშვილმა.
როგორც „მედინას“ ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, უამრავი სირთულის მიუხედავად, მოახერხეს ბავშვის სრულიად ჯანმრთელი გაზრდილიყო.
"თემესტია ჩვენი სიამაყეა. უამრავი სირთულის მიუხედავად ჩვენ შევძელით უმცირესი წონის ახალშობილის გამოზრდა, თემესტიამ გადალახა ყველა კრიზისი და ის უკვე დიდი გოგოა, დამოუკიდებლად წოვს საწოვარას და აკმაყოფილებს ასაკის შესაბამის ყველა კრიტერიმს, დადგა დრო ბედნიერი დღეები მშობლებთან ერთად გაატაროს. მოხარული ვართ, რომ გავახარეთ კიდევ ერთი წყვილი", - ამბობს „მედინას“ ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, ნატო გორგაძე.