ისრაელმა გასათავისფლებელი პატიმრების სია გამოაქვეყნა, უმრავლესობა კი 18 წელს მიუღწეველი პირია
ისრაელმა „ჰამასთან“ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გასათავისუფლებელი პალესტინელი პატიმრების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა - მათი უმრავლესობა 18 წელს მიუღწეველი პირია. ამის შესახებ ისრაელური მედია იტყობინება.
ისრაელის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდა 300 პატიმარი, რომელთაგან 150 უკვე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდება, კიდევ 150 კი იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ შეთანხმება ამავე პირობებზე დაყრდნობით გაგრძელდება.
300-დან 287 პატიმარი 18 წელს მიუღწეველი პირები არიან, მათი უმრავლესობა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ან აღმოსავლეთ იერუსალიმში არეულობებისა და პოლიციასთან შეტაკებების დროს არის დაკავებული.
რაც შეეხება დანარჩენ 13 პატიმარს, ისინი არიან ზრდასრული ქალები, რომლებიც ქუჩებში ადამიანების ცივი იარაღით დაჭრის მცდელობებისთვის იხდიან სასჯელს.
ისრაელი 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 4-დღიან ზავს დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ 50 ისრაელელს, მხოლოდ სამოქალაქო პირებს - ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის 4 დღით შეწყვეტას დათანხმდა, პარალელურად კი, ციხიდან 150 -მდე პალესტინელ პატიმარს, ძირითადად ქალებსა და მოზარდებს გაათავისუფლებს.